სადაზღვევო პაკეტების ღირებულებაზე გავლენა DRG სისტემასაც აქვს – ლაშა ნიკოლაძე (bm.ge)

დაზღვევის კავშირში აცხადებენ, რომ სადაზღვევო პაკეტების ღირებულებაზე გავლენა DRG-ის დაფინანსების მოდელსაც აქვს.
როგორც კავშირის გენერალურმა მდივანმა BMG-ის განუცხადა, მართალია, DRG სისტემა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მოქმედებს, თუმცა მას გავლენა აქვს, იმ ჰოსპიტალური სერვისების ღირებულებაზე, რომელსაც კლინიკები სადაზღვევო კომპანიებს აწვდიან.
კერძოდ, ლაშა ნიკოლაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზღვრული ფასები დადგენილია, რიგ შემთხვევაში ჰოსპიტალური სექტორი კერძო სადაზღვევო კომპანიებს შედარებით მაღალ ფასად აწვდის მომსახურებას, რაც საბოლოოდ, სადაზღვევო პოლისებსაც აძვირებს.
„პაციენტები ჰოსპიტალურ მომსახურებას სხვადასხვა, ასიმეტრიულ ფასად იღებენ. საყოველთაო DGR განფასებით მუშაობს. ეს საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართვისთვის წინაპირობაა. თუმცა კერძო დაზღვევით მოსარგებლეებს და მაგალითად, ქუჩიდან შესულ პაციენტისთვის შესაძლოა, სხვადასხვა ფასი იყოს. სახელმწიფო პროგრამის მიღმა, იმ დაოპტიმიზებულ ხარჯებს ჰოსპიტლები გარე შენაკადებით იბალანსებენ. ფასების ასეთი ასიმეტრია იწვევს იმას, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვის [ჰოსპიტალური სერვისები] ძვირდება.
ზოგადად, გაძვირებულია ამბულატორიული მომსახურებაც, მედიკამენტებიც, კერძო დაზღვევაში გაზრდილი უტილიზაციაც, ანუ პაციენტის მიერ პოლისების გამოყენების სიხშირეც. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ გავლენას ახდენს კერძო დაზღვევის ფასზეც და სადაზღვევო პოლისები რიგ შემთხვევაში 15-20%-ითაა გაძვირებული”, – განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, აპრილში ჯანდაცვის ჯგუფში შემავალ პროდუქციასა და მომსახურებაზე წლიურად ფასები 9.2%-ით იყო გაზრდილი, მათ შორის გაძვირდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება და რიგი მედიკამენტები. გასულ თვეს წლიურად 8.7%-ით იყო გაძვირებული ჯანმრთელობის დაზღვევაც.
bm.ge