საგარეო უწყება უარყოფს, რომ გაუქმდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მიღებები საზღვარგარეთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყნებში საგარეო უწყების მითითებით გააუქმეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ტელევიზიები, მთავარი და ფორმულა ავრცელებდნენ წერილებს, რომელიც მათი თქმით, ესტონეთში, ბულგარეთსა და ბელგიაში საქართველოს საელჩოებმა და -ში, სან-ფრანცისკოს საკონსულომ გაუგზავნა მიღებაზე დაპატიჟებულ ქართველ მიგრანტებს – ამ წერილების მიხედვით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაუქმებული იყო.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება ელჩის გადაწყვეტილებით გაუქმდა ჩეხეთშიც, სადაც ღონისძიება 3 ივნისს იყო დაგეგმილი. ფეისბუკში მომხმარებლები წერენ, რომ ანალოგიური შეტყობინება მიიღეს ლატვიაში საქართველოს საელჩოდანაც.
საგარეო საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების გაუქმებას და გადადებას “ტექნიკური მიზეზებით” ხნის, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყნებში გაუქმდა უკვე დაგეგმილი მიღებები.
“როგორც წესი, ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა უშუალოდ სადღესასწაულო თარიღზე ვერ ხერხდება და ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა მსოფლიოში – როგორც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის შემთხვევაში, ასევე საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ. განსაკუთრებით, ეს ეხება საელჩოს სახელით გამართულ მიღებას, რომლის დროსაც გასათვალისწინებელია მრავალი სხვადასხვა ფაქტორი. შესაბამისად, ყოველ წელს, საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების, მიღების გამართვა არ ხდება ზუსტად 26 მაისს. წელსაც, 70-ზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობიდან 30-მდე საელჩოს დაგეგმილი აქვს მიღების გამართვა მაისის მეორე ნახევარში/ივნისის დასაწყისში, ნაწილს ივნისის შუა რიცხვებში, ზოგიერთს – ივნისის ბოლოსაც კი” – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროდან რადიო თავისუფლებისთვის ამ თემაზე გამოგზავნილ შეტყობინებაში.
ჩვენს კითხვაზე, ამ დროისთვის, რომელ ქვეყნებში რა მიღებებია დაგეგმილი 26 მაისის აღსანიშნავად, საგარეო საქმეთა სამინისტრო გვპასუხობს, რომ “წინა წლების პრაქტიკის გათვალისწინებით, მიმდინარე წელსაც გამოქვეყნდება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთ დიპლომატიურ მისიებში დაგეგმილი აქტივობების კალენდარი.”
ღონისძიებების გაუქმების და გადადების ფონია მძლავრი საპროტესტო ტალღა “აგენტების კანონის” წინააღმდეგ, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული ემიგრანტებიც. სხვადასხვა დროს, არაერთ ქვეყანაში გამოაკრეს ამ კანონით უკმაყოფილო საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო წარწერები.
15 მაისს კი შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში გამართულ ქართული ღვინის ცერემონიალზე ერთ-ერთმა დამსწრემ ხმამაღლა თქვა: “⁠ახლა ღვინის სმის დრო არ არის, როდესაც ჩვენს ქვეყნის ოკუპაციას ახდენენ რუსები! გრცხვენოდეთ!“

ასევე დაგაინტერესებთ