,, საგანგაშოა, რომ თითქმის ყველა დაკავებული, კერძოდ 22 პირი, მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე” – სახალხო დამცველის აპარატი

,, საგანგაშოა, რომ თითქმის ყველა დაკავებული, კერძოდ 22 პირი, მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე” – სახალხო დამცველის აპარატი
სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს:
,,სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 2 და 3 თებერვლის განმავლობაში, თბილისისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 25 პირი მოინახულეს.
ასევე, რწმუნებულმა კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა „ტვ პირველის“ ოპერატორი, ნიკოლოზ კოკაია.
საგანგაშოა, რომ თითქმის ყველა დაკავებული, კერძოდ 22 პირი, მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. 9 დაკავებულმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა როგორც უშუალოდ დაკავების დროს, ასევე, მას შემდეგ, რაც ისინი აიყვანეს მიკროავტობუსში, სადაც მათ მიზანმიმართულად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
დაკავებულ პირთაგან 11-ს ხილულად აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, ძირითადად, სახის არეში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ კლინიკაში მოთავსებულ პირებს ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელი ნიშნები – გულის გულისრევის შეგრძნება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ. კლინიკაში მყოფ ერთ-ერთ დაკავებულს თვალ-ბუდის არეში დაზიანება ჰქონდა მიღებული. რწმუნებულთან გასაუბრების დროისთვის მას თვალი დამუშავებული და შეხვეული ჰქონდა.
დაკავებულთა გადმოცემით, სამწუხაროდ, მათი დაკავება ხდებოდა განურჩევლად, მიუხედავად იმისა, რომ, ზოგიერთი დაკავებულის თქმით, გზის სავალ ნაწილზე არც იმყოფებოდა და ისინი ტროტუარზე დააკავეს.
სახალხო დამცველის აპარატმა არასათანადო მოპყრობისა და სხვა სამართალდარღვევის ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და გააგრძელებს შემდგომ მონიტორინგს მიმდინარე სამართალწარმოებაზე“