საგამოძიებო უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის მამამ სახელმწიფო შესყიდვებით 15 მლნ ლარზე მეტი მიიღო – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, საგამოძიებო უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის მამამ სახელმწიფო შესყიდვებით 15 მლნ ლარზე მეტი მიიღო.
TI-ის ცნობით, „მშენებელი 2012″, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორიც ვახტანგ კაპანაძეა, სახელმწიფო შესყიდვებს ბორჯომში, ძირითადად, გზებისა და ხიდების მშენებლობაზე, ასევე მათ მოვლა-შენახვაზე იღებს.
ორგანიზაციის განცხადებით, მისი შვილი, ნოდარ კაპანაძე, 2009-2019 წლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, იყო სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე და უფროსი; შემდეგ, მას ბორჯომში დაცვის პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა; ამჟამად მამის შპს-ში საქმიანობს.
„ვახტანგ კაპანაძის შპს „მშენებელი 2012-მა“ 2013 წლის მაისიდან დღემდე, 47 ტენდერი მოიგო, ჯამში, 14 282 979 ლარზე. Მათგან უკონკურენტოდ და სხვების დისკვალიფიკაციის ხარჯზე 36 ტენდერში გაიმარჯვა და ჯამში 10 094 127 ლარი (70.6%) მიიღო. აღსანიშნავია, რომ თანხის გაზრდის მიზნით, მასთან დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები 6-ჯერ შეიტანეს და 235 789 ლარით მეტი ჩაურიცხეს. დანარჩენი 779 026 ლარი შპს “მშენებელი 2012”-მა პირდაპირი შესყიდვებით მიიღო.
შპს „მშენებელი 2012-ის“ ძირითადი შემსყიდველი 13 301 221 ლარით (88.3%) ბორჯომის მერია და მისი იურიდიული პირები არიან”, – აცხადებენ TI-ში.
TI-ის ცნობით, ვახტანგ კაპანაძემ 2016 წლის ოქტომბერში „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა; შპს „მშენებელი 2012-მა“ კი 2021 წლის აგვისტოში პარტიის ანგარიშზე 15 000 ლარი შეიტანა.
„ვახტანგ კაპანაძე კიდევ ორ სხვა კომპანიაში ფლობს წილებს და ორივე ამ კომპანიაში მისი პარტნიორია შალვა ფხიკიძე. ფხიკიძე ბაკურიანში ს რეზიდენციის დაცვის ყოფილი უფროსისა და ასევე, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, რევაზ მუმლაძის ცოლის ძმაა.
შალვა ფხიკიძე 2015-2017 წლებში ხელმძღვანელობდა შპს „კარიერი-2010”-ს, რომელშიც ყველაზე მეტ წილს – 38%-ს ვახტანგ კაპანაძე ფლობს, 2019 წელს კი ვახტანგ კაპანაძემ და შალვა ფხიკიძემ შპს „მშენებელი 2019“ დააფუძნეს. ამ კომპანიაში, ამჟამად, შალვა ფხიკიძის ნაჩუქარ 50% წილს მისი მეუღლე შორენა ფხიკიძე ფლობს.
ფხიკიძეებიც სამშენებლო ბიზნესით არიან დაკავებული. მათ კომპანიებს შპს „მშენ 2014-ს“, შპს „მშენ 2008-ს“ და შპს „ტეხასს“, 2016-2024 წლებში, 84 სახელმწიფო შესყიდვით, ჯამში, 234 960 ლარი აქვთ მიღებული”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს „მშენებელი 2012-ის“ სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ აქვს ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მასსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის.