საბერძნეთი საცალო მომხმარებლებისთვის საბანკო მომსახურების ტარიფებს აუქმებს

საბერძნეთის პარლამენტმა 2025 წლის ეროვნული ბიუჯეტი ხუთდღიანი დებატების შემდეგ დაამტკიცა. ბიუჯეტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა მიცოტაკისმა „პროგრესის ბიუჯეტი“ უწოდა, მიზნად 2025 წლისთვის მშპ-ს 2,4%-იან ზრდას ისახავს. გარდა ამისა, მთავრობამ საბანკო სექტორის მოგებიდან 100 მილიონი ევრო გამოყო სახელმწიფო სკოლების განახლებისა და მშენებლობისთვის.
როგორც Reuters-ი წერს, საბერძნეთი საცალო მომხმარებლებისთვის საბანკო მომსახურების გადასახადებს აუქმებს. მიზანი ოჯახების დახმარებაა, რათა კრიზისულ სიტუაციას და ხარჯებს გაუმკლავდნენ. ცვლილებები შეეხება სახელმწიფოსა და კომუნალურ კომპანიებს შორის განხორციელებულ ტრანზაქციებს.
ამასთან, პრემიერ მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და მისი მთავრობა, 2026 წლიდან დაახლოებით 25000 უძრავი ქონებისთვის, რომლებიც ბანკებს აქვთ და არ იყენებენ, ქონების გადასახადის გაორმაგებას გეგმავს.
როგორც The Greek Herald-ი წერს, ძირითადი აქცენტები მოიცავს 12 გადასახადის შემცირებას და ხელფასების ზრდას, რაც მთავრობის ფოკუსირებაზე მიუთითებს ეკონომიკური ზრდისა და სოციალური მხარდაჭერის კუთხით. ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს საბანკო მომსახურების გადასახადების შემცირებას, ძირითადი ტრანზაქციები ახლა უფასოა და ფულადი გზავნილების საკომისიოს ლიმიტები დაწესებულია 0.50 ევრომდე, 5000 ევრომდე თანხებისთვის.
The Economist-ის მიხედვით და მიცოტაკისის განცხადებით, საბერძნეთი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მსოფლიოში პირველ სამეულშია, საბერძნეთის მიზანია გახდეს ტექნიკური ჰაბი.
მიუხედავად ოპოზიციის კრიტიკისა, მთავრობამ ახალი ბიუჯეტი, დამოუკიდებელი მემარჯვენე დეპუტატების მხარდაჭერით, მაინც დაამტკიცა.
bp.ge