ახლა რეჟიმი ცდილობს, ამ „დამპალ მანქანას“ გამოუცვალოს ფასადი, თუმცა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ რეჟიმს ჰყავს ერთი მთავარი დამკვეთი – ეს არის ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, – ასე შეაფასა „ლელო- ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები. ბუაძის აზრით, ცვლილება დაკავშირებული არის ხელისუფლების „პოლიტიკურ ტაქტიკასთან და ნაწილობრივ არის იმ ძალიან სერიოზული პრობლემის აღიარება, რომელშიც „ქართული ოცნება“ იმყოფება“.
„ამ საკადრო გადაადგილებებში მონაწილე ადამიანების ადგილი სახლში კი არ არის, თავის თბილ საწოლში, არამედ არის სასამართლო დარბაზებში იმ ადამიანების ნაცვლად, რომლებმაც თავად განიცადეს მათი მხრიდან ის კრიმინალური, მრავალეპიზოდიანი დანაშაული და ძალადობა, რომლის შემოქმედიც და მონაწილეებიც ეს პოლიციელები იყვნენ. ამიტომ, მათი სახლში გაშვება არის გარკვეული ტიპის პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილი. რეალურად, რეჟიმის ცვლილებასთან ერთად, უნდა მოხდეს თითოეული ამ ადამიანის პასუხისგებაში მიცემა, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა მასშტაბური ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ახლა რეჟიმი ცდილობს, ამ „დამპალ მანქანას“ გამოუცვალოს ფასადი, თუმცა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ რეჟიმს ჰყავს ერთი მთავარი დამკვეთი – ეს არის ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ინსტრუმენტების ცვლილება არავის შეცდომაში არ შეიყვანს. ცხადია, რომ ფასადის გამოცვლა დაკავშირებული არის მათ პოლიტიკურ ტაქტიკასთან და ნაწილობრივ არის იმ ძალიან სერიოზული პრობლემის აღიარება, რომელშიც „ქართული ოცნება“ იმყოფება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუხსნელია, რატომ შეიძლება სჭირდებოდეს „ქართულ ოცნებას“ იმ ადამიანების გამოცვლა და სახლში გაშვება, რომელთა სახელები და გვარები დაკავშირებული არის იმ დავალებების შესრულებასთან, რომელიც მთელი ამ თვეების განმავლობაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიდიოდა “,-განაცხადა ბუაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ზვიად ხარაზიშვილი (“ხარება”) შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას ტოვებს. შსს-ს ინფორმაციით, ხარაზიშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს. ამასთან, შსს-ის ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე დაინიშნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე კი ვაჟა სირაძე დაინიშნა.