ლევან იოსელიანი არის რეჟიმთან შეზრდილი არარაობა, სახალხო დამცველის ინსტიტუტის მადისკრედიტებელი სირცხვილი! რაც არ უნდა თქვას მან, მისი ქმედებები არის შეფასების ყველაზე საუკეთესო ინსტრუმენტი, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა,საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
საბა ბუაძის თქმით, ლევან იოსელიანი კრიზისულ ვითარებაში, შემთხვევის ადგილზე არავის უნახავს და ის თავისი კაბინეტიდანაც კი, სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს. ამიტომაც, ბუაძის თქმით,იოსელიანი საკუთარ თავს „ქართული ოცნების“ გვერდით ჩაწერს, „როგორც ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ერთ-ერთ ინსტიტუტს“.
„მე პირადად, ლევან იოსელიანთან არანაირი კითხვები არ მაქვს. ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ლევან იოსელიანი არის ყველაზე სამარცხვინო სახალხო დამცველი, რომელიც ოდესმე გვყოლია. ის არის ამ რეჟიმის ერთ-ერთი წარმომადგენელი, შესაბამისად, მე მასთან ნამდვილად არანაირი კითხვა არ გამაჩნია. როდესაც ის არ ინტერესდება ასეთი რეზონანსული საქმეებით, როდესაც ის, ფაქტობრივად, დუმს წამების შემთხვევებზე, როდესაც ის ამბობს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების გაყალბება თურმე არ არის მისი, როგორც სახალხო დამცველის საქმე, თურმე არანაირი მტკიცებულება არ უნახავს და ის თურმე სადამკვირვებლო მისიას არ წარმოადგენს, რასაკვირველია, ეს ყველაფერი ძირს უთხრის მის მიმართ ნდობას. ჩვენ არ გვინახავს მის მიერ გადადგმული ნაბიჯი არც სიმბოლური და არც სამართლებრივი, რომელიც ამ მძიმე რეალობის შესატყვისი იქნებოდა და ამ კონტექსტიდან იქნებოდა ადეკვატური. ჩვენ არ გვინახავს მისი ინტერესი ამ რეზონანსული საქმეების მიმართ, არ გვინახავს წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გადადგმული არცერთი ეფექტური ნაბიჯი. საბოლოო ჯამში, საზომი არის როგორც საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ, ასევე მისი აპარატის დამოკიდებულება. ლევან იოსელიანი, დღეს, ფაქტობრივად, არის სახალხო დამცველი, რომელსაც სრულად გაემიჯნა მისივე აპარატი. ჩვენ ვნახეთ მანიფესტი, რომელსაც მათ ძალიან გაბედულად მოაწერეს ხელი. ვნახეთ, რომ ეს ადამიანები არიან დღეს სახალხო დამცველი აპარატი და არა, ლევან იოსელიანი“, – განაცხადა საბა ბუაძემ და აღნიშნა, რომ „კარგად ჩანს, რომ იოსელიანი ამ რეჟიმის წარმომადგენელია“.
გარდა აქციებზე დაკავებულების საქმეებზე სახალხო დამცველის განცხადების შეფასებისა, საბა ბუაძემ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის ახალ სარჩელზე, რომლითაც ის შვეიცარიის კიდევ ერთ ბანკს უჩივის.
„თუ ვინმე ვინმეს აშანტაჟებს, ეს არის ივანიშვილი. ის აშანტაჟებს ქართველ ხალხს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. შანტაჟის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ მას უნდა გაამყაროს მისი რუსული ავტორიტარული მმართველობა, შესაბამისად, ეს არის მისი მთავარი საზრუნავი, ოღონდ ამ ყველაფერში უნდა, რომ ის ქონება შეინარჩუნოს, რომელიც აქვს დასავლეთში და ეს ცხადია, ურთიერთგამომრიცხავი სურვილებია იმიტომ, რომ დოლარით დომინირებულ დასავლურ ფინანსურ სამყაროში, სანქციების პირობებში, ივანიშვილს არანაირი იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ რაღაცნაირად თავს აარიდებს ამ სანქციებს“, – განაცხადა საბა ბუაძემ და აღნიშნა: „ივანიშვილს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ფულსაც შეინარჩუნებს და ქართველი ხალხისგან მიტაცებულ ძალაუფლებას“.