საბა ბუაძე – ამ ქვეყანას აქვს ერთადერთი მიმართულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ “წინ ევროპაში”

ამ ქვეყანას აქვს ერთადერთი მიმართულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ “წინ ევროპაში”,-ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, საბა ბუაძემ “ინტერპრესნიუსს” საპროტესტო აქციაზე განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქართველი ხალხის ბრძოლა და მათი პროტესტი აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება.
“პროტესტი და თავისუფლებისთვის ბრძოლა არის სწორედ დამოუკიდებელი და თავისუფალი საზოგადოების მთავარი ნაყოფი. ეს თავისუფალი, მიზანდასახული ხალხია, რომელმაც ზუსტად იცის, რომ ამ ქვეყანას აქვს ერთადერთი მიმართულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ “წინ ევროპაში”, იქ, სადაც არის ჩვენი კუთვნილი ისტორიული ადგილი. ამიტომაც, არ არსებობს ისეთი ძალა, რომელსაც შეუძლია დათრგუნოს ჩვენი, როგორც საზოგადოების თვითგადარჩენის ინსტინქტი. ამიტომ, ამ რუსულ სპეცოპერაციას დიდი დღე არ უწერია. დღეს ჩვენ აქ ვართ გაერთიანებული ძალიან დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობით. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა ვხედავთ, რომ უდიდესი გაერთიანება, რომელიც ქართველ ხალხში არსებობს, სწორედ ამ ევროპული და წინ მიმავალი მიზნის გარშემოა. ამ ბრძოლას უწერია ერთადერთი შედეგი, ეს არის ჩვენი უპირობო გამარჯვება იმ ბნელ ძალებზე, რასაც და რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება განასახიერებს”, – განაცხადა ბუაძემ.
ცნობისთვის, “მარად და ყველგან, საქართველო მე ვარ შენთანა, ამ ლოზუნგით საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით ვაკის პარკისკენ მიემართებიან. ისინი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ მიიღოს.

ასევე დაგაინტერესებთ