საბა ბრაჭველი: თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე – პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი

იურისტი საბა ბრაჭველი:

საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის პრეზენტაცია, პროპაგანდის წესების შესაბამისად, ყველაზე მიმზიდველი შედეგის ფრიალით დაიწყეს – პროფესორის ხელფასი 10 ათასი ლარი გახდებაო. ზოგიერთმა კარგმა მედიამაც ყველაზე მეტად ეს აიტაცა და გააშუქა.
თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე – პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი. ადგილის შენარჩუნების სანაცვლოდ მათ კარგ შემთხვევაში – პასიური დუმილი, უფრო სავარაუდოდ კი – აქტიური მორჩილება მოუწევთ. თავიანთი პროპაგანდისტების დასასაქმებლადაც კარგი შესაძლებლობაა. მით უმეტეს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი პროფესორების მოწვევაც აეკრძალებათ.
ფაკულტეტების და პროფესურის შემცირება ასევე ნიშნავს სტუდენტების რაოდენობის შემცირებას. უმაღლესი განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში ახლა შველას საჭიროებს, მალე კი – საშველიც აღარაფერი იქნება, რადგან თავად უმაღლესი განათლების მიღება გახდება იშვიათობა. განათლების მიღების გარეშე შემცირდება კრიტიკული აზროვნების ისედაც სავალალო მაჩვენებელი, რაც ტვინის რეცხვისა და პროპაგანდისთვის კიდევ უფრო ნოყიერ ნიადაგს შექმნის.
და თუ ვინმეს შვილი აქაურ სკოლას დაამთავრებს იმ იმედით, რომ პირდაპირ უცხოეთში გააგრძელოს სწავლა, ცუდი ამბავია აქაც – 12-წლიანი სასკოლო ციკლის შემცირების გამო საშუალო განათლების საერთაშორისო აღიარებაც გაჭირდება. ჯეროვანი განათლების მიღებამდე ჯერ პროპაგანდისტების ტვინის რეცხვის მოსმენა მოუწევს.
ეს არის დღევანდელი პრეზენტაციის მთავარი შინაარსი და არა 1-2 გადარჩეული პროფესორისთვის გასაზრდელი ხელფასი. ეს არის გზა მომავალი თაობების განათლების მოსპობისკენ.
სასკოლო განათლებაზე: ევროპულ უმაღლეს განათლებაში დასაშვებად საჭირო კვალიფიკაციების ცნობას არეგულირებს კონვენცია ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის შესახებ (ლისაბონი, 1997, რატიფიცირებული საქართველოს მიერ 1999 წელს). კონვენციის თანახმად, ყოველი მხარე ცნობს მეორე მხარის შესაბამის კვალიფიკაციას თუ არ დასტურდება საფუძვლიანი განსხვავება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის დაშვების წესებსა და იმ ქვეყნის წესებს შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება. ევროპაში უნივერსიტეტში დაშვების ერთ-ერთი წინაპირობაა 12-წლიანი საშუალო სკოლის დამამთავრებელი დოკუმენტი. ამდენად, როგორც წესი, 10-11 წლიანი სკოლის ატესტატი არ მიიღება ევროპის არცერთი ქვეყნის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მე უკვე ვიცხოვრე ასეთ ქვეყანაში, სადაც იყო მხოლოდ ერთი კარგი პარტია, მხოლოდ ერთი კარგი ტელევიზია, აკრძალული იყო აქციის გამართვა. მერე ნელ-ნელა მოვიპოვეთ ეს უფლებები. ვიბრძოლეთ, ვიშიმშილეთ… (ვიდეო)

ირაკლი კობახიძე – თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება, ქვეყანაშიც შევქმნათ ამის შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან – იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ წავახალისოთ ახალგაზრდების მიგრაცია