საახალწლო დღეებში ,,ლილო მოლში“ ვაჭრობამ დაახლოებით 10%-ით იკლო

წელი სავაჭრო ცენტრმა ,,ლილო მოლი“ მყიდველების ნაკლებობით დაასრულა. წინასაახალწლო პერიოდში პროდუქციის რეალიზების მაჩვენებელმა იკლო. წინა წლებთან შედარებით 10%-მდე კლება დაფიქსირდა. ,,კომერსანტი“ სავაჭრო ცენტრის პრეზიდენტს ლევან გაგუას ესაუბრა. ის ჩვენთან აღნიშნავს, რომ მეწარმეებთან გასაუბრების შემდეგ დადგინდა, რომ წელს წინა საახალწლო პერიოდი და ახალი წლის დღეები შედარებით პასიური გამოდგა.
,,წინა წლებთან შედარებით, სავარაუდოდ 10%-იან სხვაობაზეა საუბარი. კომენტარებიდან გამომდინარე, მეწარმეები იძახიან, რომ არ იყო ისეთი ბრუნვა, როგორც იყო შარშან და შარშან წინ. ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმეს, ჩვენც გვაინტერესებდა. როგორც წესი, მეწარმეები ყოველთვის ასე ლაპარაკობენ, როგორი კარგი სავაჭრო პერიოდიც არ უნდა ჰქონდეთ, მაინც ყოველთვის უკმაყოფილებას გამოხატავენ. თუმცა რეალიზაციის დინამიკა იყო შემცირებული. ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა.’’- აცხადებს ლევან გაგუა.
ვაჭრობისა და რეალიზებული პროდუქციის შემცირებას ,,ლილო მოლის“ პრეზიდენტი რამდენიმე ფაქტორით ხსნის. ლევან გაგუა აცხადებს, რომ სხვა სავაჭრო ცენტრებმა მომხმარებლებს წელს დიდი ფასდაკლებები და საახალწლო აქციები შესთავაზეს, რის გამოც კონკურენტების მიერ დაწესებული ფასი ლილოში არსებულს თითქმის გაუთანაბრდა. მისივე თქმით, მომხმარებელმა სააქციო ფასების პირობებში ვაჭრობა თბილისის სხვა სავაჭრო ცენტრებში ამჯობინა და ამის მიზეზი ,,ლილო მოლის“ ადგილ-მდებარეობა გახდა, რომელიც ქალაქიდან შედარებით შორსაა.
,,ეს განაპირობა მყიდველის პასიურობამ, ან შეთავაზებების სიუხვემ. ეს ორი ვერსიაა. მეწარმეების გამოკითხვის შემდეგ, ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა. დიდი არჩევანია და იყო მასიური ფასდაკლებები ქალაქის სხვა სავაჭრო ცენტრებშიც. ესეც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენდა. არ არის გამორიცხული, რომ ბაზარი გაჯერებული იყო წელს. როგორც ჩანს, იყო პასიურობაც თვითონ მყიდველის მხრიდან. ფაქტობრივად, ისეთი ფასდაკლებები იყო, ჩვენი მეწარმეების ფასები ჩვეულებრივ პირობებში განსხვავდება ქალაქის სხვა სავაჭრო ცენტრებთან შედარებით, მაგრამ საახალწლო ვაჭრობაზე, როგორც ჩანს ფასდაკლებებიდან გამომდინარე თითქმის თანაბრდება ფასები. ის სხვაობა, რაც ჩვენს სავაჭრო ცენტრს ახასიათებს, საახალწლოდ ფაქტობრივად ქარწყლდება. დაახლოებით თანაბარია ფასები და მომხმარებელი უფრო კომფორტულ გარემოს ირჩევს შოპინგისთვის. ჩვენი დაკვირვებით (იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ დავაკვირდით) საფასო სხვაობა ქალაქთან შედარებით, თითქმის თანაბარი იყო. 50% და 70%-იანი ფასდაკლებები მასიურად იყო სხვა სავაჭრო ცენტრებში. სხვა პერიოდში ლილო განსხვავებულია ყოველთვის დაბალი ფასით და არჩევანის სიუხვით. ეს არის ის უპირატესობა, რაც ჩვენ გვახასიათებს. ამ ფასდაკლებების პერიოდში ეს სხვაობა ნელ-ნელა ფერმკრთალდება.’’- აცხადებს ლევან გაგუა.