საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს პარლამენტის სასახლეში გაიმართება.
ცერემონია პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარდება.
ყაველაშვილი კონსტიტუციასა და ბიბლიაზე დადებს ფიცს, რის შემდეგაც საპრეზიდენტო უფლებამოსილებების განხორციელებას შეუდგება.
კონსტიტუციის თანახმად, თანამდებობის დაკავების წინ, საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი დებს ფიცს:
„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისადა ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.
ინაუგურაციის ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.
ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
რაც შეეხებათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ისინი ღონისძიებაზე დაპატიჟებული არ არიან.