მმართველი გუნდი “საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვას ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს.
საკითხი დღის წესრიგში ასახულია.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ვეტოზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე იმსჯელა და მას მხარი არ დაუჭირა.
„ქართული ოცნების” შეფასებით, ცესკოს ფორმირების წესი, რასაც პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკასა და გამოცდილებას არ შეესაბამება.
პრეზიდენტმა ვეტო პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს დაადო, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციიდან არის დანიშნული. ამასთან, პროექტი ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურის ცვლილებას ითვალისწინებს. მათი არჩევის პროცედურა 3-ეტაპიანი ხდება – კერძოდ, პირველ ეტაპზე, ცესკოს წევრის და თავმჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება პარლამენტის შემადგენლობის სამი მეხუთედის (90 ხმა) მხარდაჭერით. თუკი კანდიდატები ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მოიპოვებენ, პარლამენტი მეორე კენჭისყრაზე ჩვეულებრივი უმრავლესობით (76 ხმა) მიიღებს გადაწყვეტილებას. კანდიდატურების მორიგი ჩავარდნის შემთხვევაში, კენჭისყრა ანალოგიური პრინციპით გაიმართება. თუ პარლამენტი ვერც ამ შემთხვევაში შეძლებს ცესკოს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას, კანდიდატურების დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტს გადაეცემა.
ამასთან, პარლამენტის მიერ მიღებული პროექტით, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.
რაც შეეხება ვეტოს, პრეზიდენტი პარლამენტს ე.წ. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევი კომისია კვლავ პრეზიდენტმა შექმნას და კანდიდატურები ასარჩევად პარლამენტს მან წარუდგინოს. ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, ცესკოს მიმართ მაღალი ნდობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შენარჩუნდეს.
პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად პრეზიდენტის როლი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში შეზღუდულია.
“2024 წლის 20 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებებში იმის დამატება, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ჯერ 3/5-ით, ხოლო შემდეგ ½-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, საკითხი პრეზიდენტს გადაეცემა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ჩართულობის ხარისხსა და როლს არსებითად ვერ ცვლის, რადგან იმის ალბათობა, რომ საქართველოს პარლამენტი ½-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ შეძლებს კანდიდატის არჩევას, ძალიან დაბალია“, – ნათქვამია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.
პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, 2024 წლის 1-ელ მაისამდე ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და ცესკო-ს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი სწორედ პრეზიდენტმა გამოაცხადოს. გარდა ამისა, პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილება იმ მოადგილემ განახორციელოს, რომელიც პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთაგან დაინიშნება, ხოლო ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილება ე.წ. ოპოზიციონერმა მოადგილემ ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში განახორციელოს.
უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს, რისთვისაც მას იმდენივე ხმა სჭირდება, რამდენიც საჭიროა კანონპროექტის მისაღებად (76 ხმა).