საარჩევნო ბარიერი, რომელიც არ შეიცვლება – ვის აქვს შანსი 2024 წლის არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში მოხვდეს? თემაზე “ღამის კურიერის” პირდაპირ ეთერში იმსჯელეს.
გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი იყო მამუკა ხაზარაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ “ლელო“ სტაბილურად იზრდება და წინასაარჩევნო პროცესებში ის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეც იქნება.
“ვიზრდებით საკმაოდ სერიოზულად და სტაბილურად. თუ გადახედავთ [სტატისტიკას] ეს არ არის უცბად ზრდა, ეს უფრო სტაბილური ზრდაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კომუნიკაცია ამომრჩევლამდე მიდის. ამის საშუალება არ გვქონდა, სასამართლოების გამო, პანდემიის გამო, ახლები ვიყავით, შეცდომებიც დაუშვით… ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი, “ლელოს” ვგულისხმობ, იმ პროცესების, რომ წინასაარჩევნოდ დავანახოთ ჩვენ ამომრჩეველს, ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
განსხვავებულად ფიქრობს მმართველი გუნდი. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ, ხელისუფლების შესაცვლელად, ოპოზიციას მხარდამჭერების საკმარისი რაოდენობა არ ჰყავს.
“აქაც იმავეს საუბრობდა “ლელოს” წარმომადგენელი – ჩვენ პრობლემა არ გვაქვსო, 5%-ზე კი არ ვფიქრობთ ამ ხელისუფლებას დავამარცხებთ მომავალი წლის არჩევნებშიო და შევცვლითო. ეს განცხადება აქვს ყველას დაზეპირებული, ხალხი, რომელიც ითხოვს 5%-იანი ბარიერის დაწევას, რომ პარლამენტში შევიდეთო, ამით იცით რას ამბობენ?! 80 000 მხარდამჭერი არ ჰყავთ ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში 900 ადამიანი, თუ მაინც უჭერს მხარს ამ პარტიებს, ისინი ბარიერს თავისუფლად გადალახავენ, მაგრამ არ აქვთ ეს მხარდაჭერა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.