სააპელაციო სასამართლოს მიერ გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთის ძალაში დატოვებას, დაცვის მხარე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე აპირებს, რომ უზენაეს სასამართლოს მიმართოს და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დღევანდელი განაჩენის გაუქმება მოითხოვოს.
როგორც ლევან მახარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლოც ძალაში დატოვებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართავენ.
„დღეს სასამართლოს სიტყვიერი განმარტება არ გაუკეთებია გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით. მოსამართლემ გამოაცხადა, რომ ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. შესაბამისად, უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთებას მას შემდეგ შევძლებ, როცა დასაბუთებას წავიკითხავ, თუმცა მიმაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებები იმდენად წინააღმდეგობაში იყო საბოლოო გადაწყვეტილებასთან, ამის დასაბუთება სააპელაციო სასამართლოს მიერ შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად კანონით დადგენილ ვადაში მივმართავთ უზენაეს სასამართლოს და მოვითხოვთ აღნიშნული განაჩენის გაუქმებას. იმ შემთხვევაში, თუკი კვლავ ძალაში დარჩება, მივმართავთ ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს”,-განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
ადვოკატის განმარტებით, არასდროს ყოფილა მიმართვა არანაირ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.
„გიორგი ბაჩიაშვილი პირველივე მომენტიდან თავს უდანაშაულოდ ცნობს და ამის მცდელობაც კი არ ყოფილა“,- განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
გარდა ამისა, ადვოკატი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ბაჩიაშვილის მოტაცება არ მომხდარა და გამოსაძიებელი არაფერია.
ადვოკატის თქმით, ბაჩიაშვილმა დეტალურად მოყვა, როგორ მოხდა მისი იძულებით გადმოყვანა საქართველოში, თუმცა გამოძიება დღემდე დაწყებული არ არის.
„გიორგი ბაჩიაშვილმა დეტალურად თავადაც განმარტა სასამართლოში და ჩვენთან, ადვოკატებთან, მან დეტალურად მოყვა, თუ როგორ მოხდა მისი იძულებით გადმოყვანა საქართველოში. ჩვენ სრულყოფილი განცხადება, რამდენიმე გვერდიანი, სადაც უამრავი დეტალი იყო აღწერილი, შევიტანეთ გენერალურ პროკურატურაში, თუმცა გამოძიება დღემდე დაწყებული არ არის. იმედს ვიტოვებთ, რომ თუნდაც დღევანდელი განცხადების შემდეგ, პროკურატურა ამ ფაქტით დაინტერესდება და სიმართლე დადასტურდება“, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორისთვის გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა.
საქმე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი – ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე თვალს ხუჭავს – ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს