თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდადებულების, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
მოსამართლეთა პალატამ ძალაში დატოვა როგორც მიხეილ სააკაშვილისთვის მისჯილი 8-წლიანი პატიმრობა, ისე თეიმურაზ ჯანაშიასთვის დაკისრებული 300 000-ლარიანი ჯარიმა.
ორივე მსჯავრდადებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს (ე.წ. პიჯაკების საქმე).
ე.წ. პიჯაკების საქმეზე, 2025 წლის 12 მარტს მიხეილ სააკაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ამის შემდეგ, თანხის ამოღების მიზნით, ფინანსთა სამინისტრომ წამოიწყო სამოქალაქო დავა ფულის გაფლანგვის საქმეზე, რომლის ოდენობაც, მათი მტკიცებით, 9 მილიონ ლარამდეა.
29 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს სამოქალაქო სარჩელი და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდადებულ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა.
ფორუმი
