სააპელაციოს გადაწყვეტილებით, შსს-ს გიორგი სულაშვილისთვის ყოველთვიური სარჩოს გადახდაც დაეკისრა | საია

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების სასარგებლოდ შეცვალა გადაწყვეტილებები”, – ინფორმაციას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს და წერს, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილებით, -ს გიორგი სულაშვილისთვის ყოველთვიური სარჩოს გადახდაც დაეკისრა.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია სასამართლოში იცავს 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე დაშლის შედეგად დაზარალებული პირების ინტერესებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. წარდგენილი სარჩელების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა დაზარალებულების სარჩელები შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა, ერთ შემთხვევაში, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 30 000 ლარის და ყოველთვიურად სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო მეორე დაზარალებულის, კერძოდ, გიორგი სულაშვილის შემთხვევაში, მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით, სარჩოს გადახდის ვალდებულება კი არ დააკისრა. 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე – ნინო ყანჩაველი) მოსარჩელეთა სასარგებლოდ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები და ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაზარალებული პირების სააპელაციო საჩივრები. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, ორივე მოსარჩელის სასარგებლოდ სამინისტროს დაეკისრა 50 000 – 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება, ხოლო გიორგი სულაშვილის სასარგებლოდ სამინისტროს დაეკისრა ყოველთვიური სარჩო 780 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში არაა შესული” – წერია განცხადებაში.