სააპელაციომ საბა ჯიქიას საქმის განხილვა დაიწყო

დღეს, 13 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოში 19 წლის საბა ჯიქიას საქმის განხილვა დაიწყო. საქმეს განხილავს მოსამართლე დავით მამისეიშვილი.
სხდომა ნახევარი საათით დაგვიანებით დაიწყო და დაახლოებით 15 წუთში დასრულდა.
ამ ხნის განმავლობაში მოსამართლემ მხოლოდ ერთი შუამდგომლობა განიხილა – ჯიქიას ადვოკატმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა დარბაზის შეცვლა და სხდომის უფრო დიდ დარბაზში ჩატარება მოითხოვა. ადვოკატმა ამის საფუძვლად დამსწრეთა რაოდენობასთან შედარებით დარბაზის სიმცირე დაასახელა. გარდა ამისა ადვოკატმა მიუთითა, რომ მისი ინფორმაციით, დარბაზში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი წარმომადგენელი მაშინ, როცა შესვლა ვერ მოახერხეს ჯიქიას ოჯახის წევრებმა და ახლო ნათესავებმა.
სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ორი კაცი, რომლებმაც ჯიქის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს წინ დაუდგნენ და დარბაზში შესვლა შეასწრეს, ამბობდნენ, რომ “დამსწრეები” იყვნენ. თუმცა, ადვოკატის შენიშვნა, რომ ისინი, სავარაუდოდ, -ს წარმოადგენდნენ, მათ არ გაუპროტესტებიათ.
დავით მამისეიშვილმა განმარტა, რომ დარბაზები, რომლებშიც სხდომის გადატანა შეიძლებოდა, მხოლოდ მცირედით აღემატებოდა დარბაზს, სადაც სხდომა მიმდინარეობდა. ყველაზე დიდ დარბაზში სხდომის დღესვე გადატანა კი ტექნიკურად შეუძლებელი იყო. ამიტომ, მან გადაწყვიტა დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ ტექნიკური საკითხები შეეთანხმებინა და მხარეთა პოზიციები მომდევნო სხდომაზე მოესმინა – მაშინ, როცა სხდომაზე დასწრებას მსჯავრდებულის ოჯახის წევრები და მეგობრებიც შეძლებდნენ.
ამის შემდეგ, მოსამართლე მამისეიშვილმა დააზუსტა, ჰქონდათ თუ არა შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების წარდგენაზე. ასევე, მიმდინარეობდა თუ არა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე. ორივე კითხვაზე უარის მიღების შემდეგ მოსამართლემ მომდევნო სხდომის თარიღები 3 და 19 ნოემბერს ჩანიშნა და სხდომა დახურა.
“საბა გვიყვარხარ” – დაუძახეს საბა ჯიქიას მეგობრებმა სხდომის დასასრულს.
“გიო მომიკითხე” – დაუძახა საბას გიორგი მინდაძის დედამ, ნანი წულაიამ დარბაზიდან გასვლამდე.
საბა ჯიქია და გიორგი მინდაძე ერთ საკანში სხედან.
სხდომის დახურვის შემდეგ მანდატურებმა ყველა დამსწრეს, მათ შორის ჟურნალისტებს, დარბაზიდან გასვლისკენ მიუთითეს, გარდა იმ ორი კაცისა, რომლებსაც მსჯავრდებულის ოჯახის წევრები და მეგობრებიც ვერ ცნობდნენ. ისინი დარბაზიდან დაახლოებით ნახევარ საათში, პროკურორ თამარ იაკობიძესთან ერთად, მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც დარბაზის მიმდებარე ტერიტორია ჯიქიას მხარდამჭერებმა დატოვეს. მანდატურებმა ისინი უკანა გასასვლელამდე მიაცილეს.
საბა ჯიქიას 19 წელი ციხეში შეუსრულდა. 2025 წლის 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სინდისის პატიმარს, 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მას 1-ელ დეკემბერს, ნაშუაღამევს, დარბევების პერიოდში, აქციაზე გდდ-ს თანამშრომელ, სპეცრაზმელ ბექა გოტიაშვილზე წიხლის ჩარტყმას ედავებოდნენ. წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბექა გოტიაშვილის ჩვენების მიხედვით, ის წაიქცა და წიხლი მიაყოლეს. თვითონვე ამბობს, რომ დაზიანება არ მიუღია.