“სააპელაციომ გადაწყვიტა დისკომფორტი არ შეიქმნას” – საია არჩევნების საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმაურება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ საარჩევნო დავა მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილოს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სასამართლოს ამის უფლება აქვს. თუმცა, გადაწყვეტილებას საგანგაშოს უწოდებენ.
“მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია სხდომის ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარება, ეს გადაწყვეტილება საგანგაშოა. საქმეზე, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ამომრჩევლის 90%-ის საარჩევნო უფლებას შეეხება, სასამართლომ გადაწყვიტა დისკომფორტი არ შეიქმნას და გადაწყვეტილება მხარეების და საზოგადოების დასწრების გარეშე მიიღოს”, – აცხადებენ საია-ში.
ორგანიზაციისთვის სააპელაციოში სხდომის გამართვა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა მნიშვნელოვანი იყო იმ მიზეზითაც, რომ აპირებდნენ შუამდგომლობების დაყენებას. შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში საიამ სამი შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლე ივერი აბაშიძემ არცერთი არ დააკმაყოფილა, მან არ დააკმაყოფილა არც სხვა მოსარჩელეების შუამდგომლობები.
“გარდა იმისა, რომ საქმე მოთხოვნების და მოპასუხის გათვალისწინებით, პრაქტიკულად წარმოადგენდა ახალ საქმეს, საიას ჰქონდა რამდენიმე დამატებითი შუამდგომლობაც, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა და ამჯერად, ეს შუამდგომლობები სწორედ სააპელაციო სასამართლოს მიემართებოდა.
მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მხარეებისთვის უნდა მიეცა მოსაზრებების სხდომაზე წარმოდგენის შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებას უნდა ჰქონოდა პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა საქმის მნიშვნელობის გათვალისწინებით”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გარდა სააპელაციო სასამართლო განიხილავს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა” და “ძლიერი საქართველოს” სარჩელებს. საქალაქო სასამართლომ მათი სარჩელები გააერთიანა და ისე განიხილა.
საიას სარჩელი ეხება საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ცნობას იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარდა. ოპოზიციური კოალიციები ყველა უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვენ.