ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკვე მეორედ თქვა უარი „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გადახედვაზე და ადვოკატების საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.
ინფორმაცია, რომ მზია ამაღლობელის ადვოკატების სააპელაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღეს, რადიო თავისუფლებას სააპელაციო სასამართლოში დაუდასტურეს.
სასამართლოში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება 19 თებერვალს მიიღო მოსამართლე ვერა დოლიძემ.
დასაბუთება ჯერ საჯარო არ არის და, სასამართლოს თანახმად, 20 თებერვალს იქნება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.
ამრიგად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება – მზია ამაღლობელს, რომელსაც პოლიციელისთვის „სილის გაწვნის“ გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდეს შეფარდებული – ძალაში დარჩა.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ამჯერად ასაჩივრებდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 14 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას – მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა ამაღლობელისათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.
ვინ არის მოსამართლე ვერა დოლიძე
54 წლის ვერა დოლიძე 2012 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
მანამდე, 2009-12 წლებში – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს – იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო.
მოსამართლე ვერა დოლიძემ 2011 წლის 20 ივნისს ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა ცოტნე ანანიძეს, მაშინ მაგისტრატურის 23 წლის სტუდენტს.
ანანიძე, რომელიც მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ აქციაზე იმყოფებოდა, ამჟამად „ქართული ოცნების“ წევრია, „ქართული ოცნების“ დაკომპლექტებული აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
პროკურორი მაშინ აცხადებდა, რომ ანანიძემ სხვებთან ერთად „სცადა [აჭარის] ტელევიზიის ხელში ჩაგდება, რადგან განზრახული ჰქონდათ ხელისუფლების არაკანონიერი გზით შეცვლა“.
მზია ამაღლობელის დაფუძნებული გამოცემის, „ბათუმელების“ არქივის თანახმად, მოსამართლე დოლიძემ ცოტნე ანანიძეს ბრალად წაყენებული მუხლების გამოცხადების შემდეგ მიმართა: „ხომ გაიგე, ცოტნე?!“
სააპელაციო სასამართლოს ვებსაიტის თანახმად, 2009 წლამდე დოლიძის სამუშაო გამოცდილება ასეთია:
· 1994-1998 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორად.
· 1998-2001 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის პროკურორის თანაშემწედ.
· 2001-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
· 2005-2006 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
· 2006-2009 წლებში იყო ქობულეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
· 2009 წელს დანიშნული იყო ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
მან 1987 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის N 25 საშუალო სკოლა ვერცხლის მედალზე, 1993 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია, 2017 წლიდან კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტია.
მზია ამაღლობელის საქმე
18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „ვივამედში“ საპატიმროდან გადაყვანილი მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს – 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ.
მისი წერილი „ვივამედიდან“ გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა.
„ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა“, – წერს მზია ამაღლობელი პატიმრობისა და შიმშილობის 38-ე დღეს კოლეგებისათვის გამოგზავნილ წერილში.
„ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის“, – წერს ამაღლობელი.
„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ მიესალმება „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტაზე და ის მკურნალობას ამ ეტაპზე კლინიკაში გააგრძელებს.
ექიმები საუბრობდნენ ლეტალურ რისკზე შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში.
მზია ამაღლობელი რუსთავის მე-5 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ შიმშილობის 24-ე დღეს გადაიყვანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. 6 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა მის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შექმნა.
ჟურნალისტს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, პოლიტპატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ევროკავშირი, ათობით საერთაშორისო ორგანიზაცია და არაერთი ქვეყნის მთავრობა.
