საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებს, რომ ადგილობრივი სამართალდამცავები აგრძელებენ აბუ-დაბიში 13 იანვარს მომხდარის შესწავლას. სავარაუდოდ, ინციდენტში მონაწილე პირები კვლავ აბუ-დაბის პოლიციაში რჩებიან.
საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კვლავ აცხადებს, რომ სამართალდამცავები აბუ-დაბიში მომხდარს სწავლობენ და უკვე მესამე დღეა, არ აკეთებს კომენტარს მოლაქალე ლაშა გაბიტაშვილისა და მასზე თავდამსხმელი „ქართული ოცნების“ წევრების ამჟამინდელი სამართლებრივი სტატუსის შესახებ.
15 იანვარს, საღამოს 10 საათისთვის „მთავარმა არხმა“ დაუსახელებელ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე – რომლებიც თავს დაესხნენ ლაშა გაბიტაშვილს – სასამართლოს დანიშვნამდე აბუ-დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ და ისინი, „სავარაუდოდ, უკვე იზოლატორში იმყოფებიან“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან რადიო თავისუფლებას ამ ცნობის გავრცელების შემდეგ კითხვაზე პასუხად მიაწოდეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საელჩოს მოკლე კომენტარი, სადაც წერია, რომ „რომ აღნიშნული არ არის სიმართლე“.
თუმცა ამ კომენტარში არ არის დაზუსტებული, რა ნაწილში არ შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს; კერძოდ, გაურკვეველია, საელჩოს პოზიციით, „მთავარის“ ცნობა სრულად მცდარია, თუ რაიმე ტერმინი ან დეტალი, – მაგალითად, სასამართლოს დანიშვნამდე დასახელებული ვადა ან „იზოლატორი“ – „არ არის სიმართლე“.
საელჩოსა და სამინისტროს ჯერ არ უპასუხიათ კითხვაზე, კვლავ პოლიციაში იმყოფებიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები.
„რაც შეგვიძლია ვთქვათ: მიმდინარეობს სამართალდამცავების მხრიდან მომხდარის შესწავლა, რაშიც ბუნებრივია ჩართული არიან ინციდენტში მონაწილე პირები“, – მხოლოდ ამას აცხადებენ საელჩოში.
წინა საღამოს საელჩოში აცხადებდნენ: „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“.
ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ რადიო თავისუფლებას 14 იანვარს განუცხადა: „ყველას უფლებებს ზედმიწევნით ვიცავთ“.
რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, 14 იანვრის ღამე საქართველოს მოქალაქეებმა, – მათ შორის „ქართული ოცნების“ სახეებმა, ირაკლი ზარქუამ და ვიქტორ სანიკიძემ, – პოლიციაში გაატარეს. სავარაუდოდ, ასე მოხდება 15 იანვრის ღამესაც.
ირაკლი ზარქუამ და ვიქტორ სანიკიძემ 13 იანვარს, საღამოს ვიდეომიმართვა გაავრცელეს და თქვეს, რომ „ყოველთვის გაეცემათ პასუხი უსამშობლოებს“. მას შემდეგ ისინი საჯაროდ აღარ გამოჩენილან.
ზარქუამ და სანიკიძემ ვიდეომიმართვა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელს ესაუბრება.
აბუ-დაბიში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში 13 იანვარს „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე, საუზმობისას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს დაესხნენ თავს.
ადგილზე ასევე იყო „ოცნების“ პარლამენტარი გელა სამხარაული, რომელმაც ასევე დაარტყა ხელი ლაშა გაბიტაშვილს; მათთან ერთად იმყოფებოდა ასევე მათი თანაგუნდელი გოჩა ენუქიძე და მოქალაქე გიორგი გოგოლაძე.
რადიო თავისუფლებამ გეოლოკაციის მეთოდის გამოყენებით დაადგინა, რომ მოქმედება ვითარდებოდა აბუ-დაბიში მდებარე სასტუმრო „რედისონის“ რესტორან La Terrazza-ში. თუმცა რესტორანში გვითხრეს, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაციის გაცემა არ შეუძლიათ.
არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის ოფიციალურ საკანონმდებლო პლატფორმაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ფედერალური კანონმდებლობა, კერძოდ, „დანაშაულთა და სასჯელთა განსაზღვრის შესახებ“ კანონის 394-ე მუხლი ითვალისწინებს „ერთ წლამდე პატიმრობას ან 10 000 დირჰამის (დაახლოებით 2722 აშშ დოლარის) ოდენობის ჯარიმას ადამიანისათვის, რომელმაც სხვა ადამიანს მიაყენა ფიზიკური ზიანი, რამაც ამ ადამიანის დაშავება გამოიწვია“.
ინციდენტის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის დაზუსტების თხოვნით, რადიო თავისუფლება ასევე დაუკავშირდა აბუ-დაბის პოლიციას, ასევე, საამიროების საელჩოს თბილისში – კითხვებით, არის თუ არა ვინმე დაკავებული, დაიწყო თუ არა გამოძიება და ა.შ.. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებს გაბიტაშვილის მეუღლეც, რომელიც მას აბუ-დაბიში ახლდა.
რა მოხდა აბუ-დაბიში
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილი და მისი ცოლი მაგიდასთან სხედან, რა დროსაც მჯდარ გაბიტაშვილს მივარდება ირაკლი ზარქუა, თეფშზე დადებულ საკვებს სახეში აყრის და სცემს. მის მხარდამხარ არის ვიქტორ სანიკიძეც.
საუზმის დროს სასტუმროს რესტორანი სავსეა. თავდასხმის დროს გვერდით მაგიდაზე, კადრში ჩანს ოჯახი 2 წლამდე ბავშვით.
ლაშა გაბიტაშვილის გავრცელებულ სხვა ვიდეოში ჩანს, რომ ის ურტყამს ირაკლი ზარქუას, რის შემდეგაც სანიკიძე მას უკნიდან მივარდება და ხელს ურტყამს.
“ქართული ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი, გელა სამხარაული, გაბიტაშვილს ხელით იჭერს, შემდეგ კი ამბობს: „კაი, გამოდი, გამოდი“.
შემდეგ გაბიტაშვილი და “ქართული ოცნების” წევრები ერთმანეთს აგინებენ.
კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ თავდასხმის შემდეგ სანიკიძე გაბიტაშვილს ემუქრება და აგინებს: „თბილისში აღარ ჩამოხვალ? შენ დედას მოგ****ავ“.
„შენი მოღალატე დედას შ***ცი“, – ამბობს გაბიტაშვილი.
ამის შემდეგ სანიკიძე მისკენ მირბის, მუშტს მაღლა სწევს და გაბიტაშვილს ურტყამს. შემდეგ გაბიტაშვილი სანიკიძეს მუცელში ფეხს ურტყამს, სამხარაული კი გაბიტაშვილს მხარსა და სახეში – მუშტს.
ფორუმი