სააკაშვილი ოპოზიციას: გთავაზობთ ერთიან სიას, ტექნოკრატიულ მთავრობას, გარდამავალ პერიოდს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოპოზიციას ერთიანი სიის შექმნასა და არჩევნების შემდეგ გარდამავალი პერიოდის აღებას სთავაზობს.
სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ახლა ყველამ გვერდით უნდა გადადოს პირადი წყენები და ამბიციები იმისათვის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ერთიანი სია არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ქოლგის ქვეშ, არამედი ნეიტრალურ პარტიაზე უნდა შეიქმნას.
“პოლიტიკოსების ამოცანაა გავერთიანდეთ. მე მხარს ვუჭერ ერთიანი სიის შექმნას. 2020-შიც ვუჭერდი მხარს. ერთიანი სიის შექმნა შექმნის ტექნოკრატიულ მთავრობას, ამ მთავრობის წინასწარ გამოცხადებას, რომელიც იქნება მიმართული ევროპაზე. გარდამავალი პერიოდის აღებას არჩევნების მერე.
ახლა მთავარია რუსული რეჟიმი მოვიშოროთ და ს აქ შემოსვლის საფრთხე გავანეიტრალოთ. იმიტომ, რომ რუსეთი ცდილობს შიგნიდან გამოგვჭამოს, ჩვენს ოჯახებშია შემოსული და შიგნიდან გვანგრევს. ეს უნდა განეიტრალდეს ჩვენი ერთიანობით.
ახლა ყველამ გვერდით უნდა გადავდოთ ყველანაირი ამბიციები, ყველანაირი კუდაბზიკობა, ყველანაირი ცხვირაწეულობა, წყენა. მეც ბევრი მაქვს საპრეტენზიო, ბევრ ხალხთან, ვინც ხელი შეუწყო ამ უბედურების ხელისუფლებაში მოსვლას, მაგრამ ახლა პრეტენზიების დრო არ არის, იმიტომ, რომ ყველანი ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ.
ამიტომ გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტია ნაციონალური მოძრაობა მუშაობს საკუთარი ძალების გაძლიერებაზე”- თქვა სააკაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, თუ ერთიანი სია არ გამოვა, ენმ მაინც ითანამშრომლებს სხვა პარტიებთან.