პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება პროკურატურის მიერ მისთვის და კიდევ 7 ოპოზიციონერის შესახებ გამოცხადებულ ახალ ბრალდებას, – „საბოტაჟს, მტრულ საქმიანობაში დახმარებას და ხელისუფლების დამხობის მოწოდებას“ – და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელეს.
6 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში სააკაშვილი წერილის ადრესატად ასახელებს „ივანიშვილის ზვიგენს“. როგორც თავად აქვს ნათქვამი 2014, ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის ბიზნესცენტრში ჰყავს პატარა ჯიშის, 1.5-მეტრიანი ზვიგენები.
„პატივცემულო სოლოლაკელო ზვიგენო, გატყობინებ, რომ, ალბათ, შენი საჩივრის საფუძველზე, შენი პატრონი ჩემს ისედაც პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობას კიდევ სამ წელს უმატებს. არადა, მე შენ ყოველთვის ზვიგენური ზვიგენი მეგონე და არაფრით მესმის, თუ რატომ გეწყინა შენთან სელფის გადაღების მოწოდების ჩემს მიერ დადებული პოსტი“, – წერს სააკაშვილი.
„სინამდვილეში მე მხოლოდ შენი პოპულარიზაციის მოტივებით ვხელმძღვანელობდი. მაგრამ იცოდე, მე არ მწყინს, იმიტომ რომ ვიცი, რომ შენც ისევე გაქვს აღკვეთილი თავისუფლება, როგორც მე. ამიტომ გპირდები, რომ როცა ქვეყანას გავათავისუფლებთ, შენც გამოგიხსნით მაგ აკვარიუმიდან და დაგაბრუნებთ ატლანტიკის ოკეანეში ცოტაც კიდევ გაძელი ჩემო ზვიგენიკო. ჩვენი სელფის დრო ძალიან მალე დადგება. შენი მიშა“, – წერს „ვივამედში“ მყოფი ექსპრეზიდენტი.
სააკაშვილისათვის „საბოტაჟში“ პროკურატურის მიერ დადანაშაულებას გამოეხმარა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გიორგი ჩალაძე, რომელმაც ამ საქმეს „ზვიგენების საქმე“ უწოდა.
როდესაც 24 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გამომძიებლება გამოჰკითხეს 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე, – რასთან კავშირიც სააკაშვილმა უარყო, – მიხეილ ჩალაძემ განაცხადა:
„საგამოძიებო სამსახურის მთავარი კითხვები და აქცენტი წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის საჯარო პოსტებს ბიძინა ივანიშვილის ზვიგენთან სელფის გადაღების თაობაზე. ეს არ არის კიდევ ერთხელ ხუმრობა, ეს არის პროკურატურის ახალი საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ“, – ამბობდა იგი.
მიხელი სააკაშვილს 2025 წლის მარტში, – ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გამტყუნების შემდეგ, ასევე სხვა საქმეებზე – სანდრო გირგვლიანის, „იმედის“ დარბევის და ა.შ.- დამდგარი განაჩენის მიხედვით, პატიმრობაში ყოფნა 2034 წლის 1 აპრილამდე უწევს. ის 2021 წლის პირველი ოქტომბრიდანაა პატიმრობაში.
სააკაშვილი ასევე იუწყება, რომ დღეს მას ბრალი უკვე წაუყენეს. ასევე აცხადებს: „მე, ჩემის მხრივ, ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, რომ კიდევ მოვუწოდებ“.
დღეს სააკაშვილის გარდა პროკურატურამ „საბოტაჟში, მტრულ საქმიანობაში დახმარებასა და ხელისუფლების დამხობის მოწოდებაში“ დაადანაშაულა კიდევ შვიდი პოლიტიკოსი. მათგან ხუთი ახლაც პატიმრობაშია.
უფრო ზუსტად, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს:
· მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების (317-ე – 3 წლამდე პატიმრობა) მუხლით;
· ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ – საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
· ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ – საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა), უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერის (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – 6-დან 10 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
· ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ – საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) მუხლით.
პროკურატურა „ლელოს“ ლიდერების მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს, ყველა სხვა ოპოზიციონერი საპატიმროშია, შესაბამისად, მათ წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
ფორუმი




