სააკაშვილის თქმით, რუსული რეჟიმი საქართველოში არჩევნების და ეკლესიაში გადატრიალებისთვის ემზადება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე კლინიკა “ვივამედიდან” ვიდეოზარის მეშვეობით ჩართვისას განაცხადა, რომ “რუსული რეჟიმი ემზადება აქტიურად საქართველოს არჩევნებისთვის”.
“მე რაც ვიცი, ისინი უახლოეს ხანში ამზადებენ საბოლოოდ გადატრიალებას ეკლესიაში და საბოლოოდ დაპატრონებას ჩვენი ეკლესიის, რათა არჩევნებისთვის იყვნენ იდეოლოგიურ მზადყოფნაში, როგორც აპირებენ მთელი რიგი სხვა პროვოკაციების მოწყობას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მანამდე ის გასული წლის მარტის აქციებზე ლაპარაკობდა და მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს, რომლებმაც, მისი თქმით “არ დაუშვეს რუსული აგენტების კანონის მიღება”.
გასული წლის ოქტომბერში აცხადებდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში “რუსების საფარქვეშ შემოსულია დივერსიული ჯგუფი“, რომელსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია ევალება.
მოგვიანებით, ამ განცხადების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სააკაშვილის გამოკითხვა გადაწყვიტა, რაზეც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა.
მან ფეისბუკის გვერდზე განმარტება გამოაქვეყნა “მე ჩემი ინფორმაცია გამოვაცხადე იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ყურადღებით, ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, ყველა საეჭვო ჯგუფი შეგვიძლია აღვრიცხოთ და როცა ისინი აქტიურ მოქმედებაზე გადავლენ, საზოგადოებრივი აქტიურობით მოვახდინოთ მათი ბლოკირება და განეიტრალება”.
· დღეს, 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს.
· საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავეს.
· გარდა საზღვრის უკანონო კვეთისა, მის წინააღმდეგ წარმოებაშია კიდევ ორი საქმე: 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლისა და ე.წ. პიჯაკების საქმე, რომელშიც პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს სახელმწიფო ფინანსების გაფლანგვას ედავება.
· მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 2022 წლის 12 მაისს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. ის ამჟამად კლინიკაში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ