რძის პროდუქტების საოჯახო საწარმო „მარიტას“ პროდუქტები ქსელურ მარკეტებში შევიდა, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის დამფუძნებელმა, ქეთი ბოლქვაძემ ისაუბრა.
მისივე ცნობით, ამ დროისათვის ყველა დიდ ქსელში არიან შესული, ხოლო აპრილის ბოლოს, ყველა ზომის ქსელურ მარკეტში იქნებიან ხელმისაწვდომი.
„პროდუქციის შეძენა უკვე ქსელურ მარკეტებშიც იქნება შესაძლებელი. მომხმარებლებს ძალიან გაუხარდათ ეს სიახლე, რადგან ჩვენ პროდუქტის მიწოდებას ყველგან ვერ ვახერხებდით და ეს იყო შანსი. ეტაპობრივად ვფართოვდებით თბილისის მასშტაბით. უკვე ძირითადი დიდი ქსელები მოვიცვით და აპრილის ბოლოდან ყველა ქსელში ვიქნებით წარმოდგენილი. თბილისის პარალელურად, ვაპირებთ რეგიონებში შესვლასაც, მათ შორის ბათუმში.
გარდა ამისა, ჩვენ ასორტიმენტი გავაფართოვეთ. ასორტიმენტში ტკბილი კარაქი დაგვემატა და სწორედ, ამ პროცესმა შეგვაფერხა, თორემ მარტში უკვე ყველა ქსელურ მარკეტში უნდა ვყოფილიყავით წარმოდგენილი. სატესტო რეჟიმში ვიყავით და დღეს უკვე ესეც გვაქვს“, – ამბობს მეწარმე.
ამ დროისათვის, კომპანიაში 12 სახის პროდუქტი ერთიანდება, თუმცა როგორც ბოლქვაძე ეთერში აანონსებს, გაზაფხულიდან ასორტიმენტის ჩამონათვალს მაწონი და არაჟანი დაემატება.
„გაყიდვების ზრდის პარალელურად, წარმადობის ზრდა გარდაუვალი იქნება, რადგან ნედლეული მეტი დაგვჭირდება. რამდენიმე დიდ ფერმასთან უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება. ამასთან, თავად ჩვენივე ფერმაში იგეგმება გაფართოება. დაახლოებით, 20-30 პირუტყვის დამატებას ვგეგმავთ, რაც გაზრდის წარმადობას“, – აცხადებს „მარიტას“ დამფუძნებელი.
