„რძის ნაწარმის ნაწილში იმპორტი ავსებს ბაზარს“

„რძის ნაწარმის ნაწილში იმპორტი ავსებს ბაზარს“, – ამის შესახებ მერძევეობის ასოციაციის თავმჯდომარემ, კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ რძის წარმოების გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, ქვეყანაში რძის წარმოება შემცირებულია, რაც რამდენიმე ძირითადი მიზეზით არის განპირობებული. კერძოდ, მისი თქმით, დაავადებების გამო შემცირდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა და შესაბამისად, წარმოებული რძის რაოდენობაც; ამასთანავე, საქონელი გადის ექსპორტზე, რაც გავლენას ახდენს ადგილობრივ წარმოებაზეც.
ყოველივე აქედან გამომდინარე, საქართველოში მზარდი დინამიკით ხასიათდება როგორც რძის, ასევე მზა პროდუქტებისა და რძის ფხვნილის იმპორტი, რაც ადგილობრივი მწარმოებლებისთვის გამოწვევას წარმოადგენს.
„რძის ნაწარმის ნაწილში იმპორტი ავსებს ბაზარს. ვნახეთ ჩვენ სტატისტიკიდანაც, რომ ძალიან ბევრი ხაჭო და ყველი შემოვიდა წელს, რძის ფხვნილის იმპორტი 4 წლის ჭრილში თითქმის გაორმაგებულია, აგრეთვე შემოდის მზა პროდუქტებიც. ადგილობრივი რძის წარმოება შემცირებულია რამდენიმე მიზეზის გამო: პირუტყვი იყიდება და გადის ექსპორტზე, რაც აისახა წარმოებული რძის რაოდენობაზე. ამას დაემატა ისიც, რომ ქვეყანაში იყო დაავადება, რომელიც თითქმის მთელ საქართველოს მოედო, ამან გამოიწვია პროდუქტიულობის ვარდნა და სულადობის შემცირება. ადგილობრივი მიწოდება ჩანაცვლდა იმპორტით, რაც ადგილობრივი წარმოებისთვის არის ცუდი, რადგან ფასებს ისევ კარნახობს იმპორტული მზა პროდუქტები – უნდა დავიცვათ ჩვენი ბაზარი.
არის 10-მილიონიანი პროექტი ფერმების გასაკეთებლად, რაც მოიცავს 7-წლიან იაფ სესხს, თუმცა, მეტი ხელშეწყობაა საჭირო იგივე სულადობის შესყიდვის ნაწილში, იმიტომ რომ, 35%-ით გაძვირდა მაღალპროდუქტიული ჯიშების შემოყვანა ქვეყანაში, რაც სტაბილურობის გარანტია მერძევეობის მიმართულებით. ადგილობრივი პირუტყვი დაბალპროდუქტიულია, არის გადასაჯიშებელი და ამას ცალკე მხარდაჭერა სჭირდება, რათა მეხორცული მიმართულება განვითარდეს“, – აღნიშნავს რესპონდენტი.
მისივე თქმით, სწორი პოლიტიკისა და ფერმერებისთვის მეტი მხარდაჭერის შემთხვევაში საქართველოს აქვს პოტენციალი რომ ერთ ათწლეულში ადგილობრივი ბაზარი რძით სრულად დააკმაყოფილოს.
„რძის ნაწილში ერთ ათწლეულში შეგვიძლია, რომ 100%-ით ჩავანაცვლოთ იმპორტი, თუ ადგილობრივი ბაზარი იქნება დაცული. ერთ-ერთი გამოწვევა არის ფალსიფიკაციას, რის წინააღმდეგაც სამინისტრო და სურსათის უვნებლობის სამსახური აქტიურად იბრძვის, მაგრამ ვიტყოდი, რომ მეტი რესურსი სჭირდებათ როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, შეგვიძლია ნედლი რძით ადგილობრივი ბაზარი სრულად დავაკმაყოფილოთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა ფალსიფიკაციასთან ბრძოლა და მეტი მხარდაჭერა ფერმერებს. მერძეული მიმართულება ყველაზე რთულია და სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ერთი ათწლეული დასჭირდება ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებას“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ნიკოლოზ ბენიაიძემ.
რაც შეეხება სტატისტიკას, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 36.7 მილიონი დოლარის ღირებულების 6 593 ტონა ყველი და ხაჭო შემოვიდა, რაც წლიურად 27%-იანი ზრდაა. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში იმპორტირებულია 28.7 მილიონი დოლარის ღირებულების 5 530 ტონა ყველი და ხაჭო.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის 11-თვეში საქართველომ 20.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 17 830 ტონა რძე და ნაღები იყიდა, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში კი იმპორტირებული იყო 14.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 12 922 ტონა რძე და ნაღები, რაც 40%-იანი ზრდაზე მიანიშნებს.