რუსი პოლიტიკოსები, განსაკუთრებულ სიხარულს გამოხატავენ ევროპარლამენტის არჩევნებში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პარტიების მარცხის გამო.
კრემლი ირწმუნება, რომ მემარჯვენე ძალებმა ამ არჩევნებში გამარჯვებით აჩვენეს ორი აღნიშნული ლიდერის “უძლური პოლიტიკის მარცხი, უკრაინის მხარდაჭერის და რუსეთთან ომის გამო.” რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, შოლცს და მაკრონს ასეთი მარცხის შემდეგ პენსიაზე გასვლაც კი ურჩია.
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის ხელმძღვანელმა, ვიქტორია მატვეიენკომ კი თქვა, რომ მაკრონისა და შოლცის “გამანადგურებელი მარცხი”, ხაზს უსვამს მათი ლიდერებოს კრახს, როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე.
რუსეთი დღემდე ევროპელი მემარჯვენე ძალების მიმხრობას განაგრძობს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და ფრანგი მარინ ლე პენის ჩათვლით. მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ მოსკოვი ცდილობს ევროპაში ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობა სათავისოდ და უკრაინის მხარდაჭერის შესასუსტებლად გამოიყენოს.
10 ივნისს გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მიხედვით, ევროპარლამენტში უმრავლესობა კვლავ ცენტრისტულ ალიანსს ექნება. მემარჯვენეთა დაწინაურებისა და წინა არჩევნებთან შედარებით შედეგების გაუმჯობესების მიუხედავად, ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP), მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ალიანსმა.
ამას გარდა, ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია, რა გავლენა ექნებათ ევროკავშირის საპარლამენტო მუშაობაზე მემარჯვენე ნაციონალისტურ პარტიებს, რომლებიც ევროსკეპტიციზმით გამოირჩევიან. სამომავლოდ გადაწყვეტილებათა მიღებაში მათი როლი დამოკიდებული იქნება მათ უნარზე, დაძლიონ ერთმანეთს შორის უთანხმოება და შეძლონ ერთობლივი მუშაობა. ამ ეტაპზე, ისინი ორ განსხვავებულ ჯგუფს წარმოადგენენ, ასევე არიან მემარჯვენე დეპუტატები, რომლებიც ამ ჯგუფებს მიღმა იმყოფებიან.