რუსულ კანონს სტრასბურგში ასაჩივრებენ

რუსულ კანონს და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და 4 ფიზიკური პირის სახელით ასაჩივრებენ.
ამის შესახებ დღეს, 17 ოქტომბერს, საიას ოფისში ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ერთობლივი ბრიფინგზე გახდა ცნობილი..
„რუსული კანონი არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისაგან გათიშვას და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება. მომჩივანი ორგანიზაციები ისეთ საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ, როგორიცაა გარემოს დაცვა, შშმ პირთა დახმარება, ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვა, სასამართლოს რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ასე შემდეგ.
მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების დარღვევებზე ვიდავებთ.
დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან რუსული მეთოდებით ბრძოლა არამხოლოდ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს, არამედ ასევე ძირს უთხრის ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
სამწუხაროა, რომ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიც ყველა ამ ცივილიზაციური არჩევანის დაცვას სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, სწორედ სახელისუფლებო ორგანოები არღვევენ, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობის მიუხედავად, ჩვენი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ გრძელდება და ის აუცილებლად დასრულდება წარმატებით. ეს კანონი აუცილებლად გაუქმდება. არა რუსულ კანონს, კი ევროკავშირს”, – განაცხადა საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ.