რუსულ კანონზე პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციომ წარმოებაში მიიღო

რუსულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო.
სარჩელში პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ კანონით, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები რეგისტრაციის ვალდებულების ფარგლებში ფაქტობრივად ექცევიან „უცხოური ძალის“ და „უცხო ქვეყნის აგენტის“ სტიგმისა და იარლიყის ქვეშ. ამასთან, სარჩელში აღნიშნულია, რომ კანონით ხდება ჩარევა პირადი ცხოვრების ძირითად უფლებაში და განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ჩარევის ფარგლებში ექცევა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემებიც:
„მთლიანობაში, კანონით წესდება გაერთიანების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და დგინდება დისკრიმინაციული მოპყრობა იმ იურიდიული პირების მიმართ, რომლებსაც შეეხება სადავო კანონი“, — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამასთან, საკონსტიტუციო სარჩელში პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსული კანონი არსობრივად და ფუნქციონალურად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომლითაც დადგენილია, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირების მნიშვნელოვანი მიზანი.
„საქართველოს კონსტიტუციის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ „კონსტიტუციას 78-ე მუხლის სახით ემატება დროებითი რეგულაცია, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს განსაკუთრებულ დავალებას განუსაზღვრავს. კონსტიტუციურ ორგანოებს კონსტიტუცია ავალებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომის მიღებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“ ,— წერს საქართველოს პრეზიდენტი.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს, ევალება გამოიყენოს განმარტების ყველა რესურსი.
ამასთან, სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, დაცულია და განმტკიცებულია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, რაც ქმნის იმ ზოგად ჩარჩოს, რომელ ფასეულობებსაც ეფუძნება საერთო ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებები.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის მხრიდან დაირღვა სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი, რადგან, როგორც სარჩელშია აღნიშნული, ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში არსობრივად და ფუნქციურად იდენტური კანონი (ე.წ. „აგენტების კანონი“) ქვეყნის შიგნით საყოველთაო სახალხო პროტესტისა და ქვეყნის გარეთ საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მოწოდებების შემდგომ იქნა გაწვეული, ხოლო 2024 წლის აპრილში კვლავინდებურად იქნა ინიცირებული იმავე შინაარსისა და მიზნის კანონი (,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“), რაც პრეზიდენტის თქმით, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კვლავ გახდა წინააღმდეგობის საგანი:
„საბოლოოდ კი, აღნიშნული კანონის მიღებით დაირღვა სამართლებრივი ნდობის პრინციპი, რადგან არსებობდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ აღნიშნული კანონი არ იქნებოდა მიღებული, თუმცა, დაპირების მიუხედავად, კანონმდებელმა მაინც მიიღო სადავო საკანონმდებლო აქტი“ ,— აღნიშნავს პრეზიდენტი.
საკონსტიტუციო სარჩელში ვკითხულობთ, რომ გარდა ამისა, სადავო კანონით დგინდება ახალი სამართლებრივი დეფინიციები და ტერმინები, ისეთები, როგორიცაა „უცხოური ძალა” და „უცხოური ძალის გამტარებელი ორგანიზაცია“, რაც თავისი არსით იწვევს სტიგმატიზაციას.
პრეზიდენტის შეფასებით, ამგვარ იარლიყებს, გარდა იმისა, რომ გაუმართლებელი და ზიანის მომტანია, აქვს ძლიერი შემბოჭველი, მსუსხავი და მასტიგმატიზირებელი ეფექტი მათ საქმიანობაზე, თუმცა, იმ საზოგადოებაში, სადაც ბუნებრივად „აგენტი“/„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“/სუბიექტი აღიქმება მტრად, აღნიშნული კანონი ქმნის იმ ნორმატიულ საფუძვლებს, რომელიც იწვევს საზოგადოების გაუცხოებას და საბოლოოდ, მოწყვლადს ხდის საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს და აქცევს მათ სახელმწიფოს თვითნებობის ფარგლებში.
ამასთან, სარჩელში ნათქვამია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს:
„აღნიშნულ შემთხვევაში სადავო კანონი უპირისპირდება ევროკავშირში აღიარებულ ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპებსა და ნორმებს, რაც დასტურდება როგორც საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების ანალიზით, ისე საერთაშორისო პარტნიორების ცალსახა პოზიციებით, რომელიც გაცხადებულია ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციების ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიერ. კონსტიტუციის 78-ე მუხლი არის ხელისუფლების მბოჭავი კონსტიტუციური ნორმა ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზების თვალსაზრისით და, შესაბამისად, კონსტიტუციით დაცულ მიზანს წარმოადგენს ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობა თანხვედრაში მოდიოდეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რადგან ამგვარი ჰარმონიზების გარეშე ვერ იქნება მიღწეული საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. საქართველო ვალდებულია, შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების ერთ-ერთი წინაპირობა იყო. ვინაიდან 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ოფიციალურად გააკეთა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ხოლო 2023 წლის დეკემბრიდან საქართველოს გააჩნია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. შესაბამისად, მხედველობაშია მისაღები ასევე ის სასამართლო პრეცედენტები, რომელიც დამკვიდრებულია ევროკავშირში“, — წერია სარჩელში.
პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებაზეც „კომისია უნგრეთის წინააღმდეგ“.
საკონსტიტუციო სარჩელში აღნიშნულია, რომ საქმეზე კომისია უნგრეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ განიხილა უნგრეთის 2017 წლის LXXVI კანონი ,,უცხოეთიდან მხარდაჭერილი ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც აკისრებდა რეგისტრაციის, დეკლარაციისა და ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებებს სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული კატეგორიის ორგანიზაციებს (ასოციაცია ან ფონდი), რომლებიც პირდაპირ ან ირიბად იღებდნენ მხარდაჭერას საზღვარგარეთიდან და აღნიშნული დახმარება აღემატებოდა გარკვეულ ზღვარს და რომელიც ითვალისწინებდა ჯარიმების გამოყენების შესაძლებლობას იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც არ ასრულებდნენ ამ ვალდებულებებს.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ უნგრეთმა შემოიღო დისკრიმინაციული და გაუმართლებელი შეზღუდვები უცხოურ შემოწირულებებზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რითაც უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულების (TFEU) 63-ე მუხლით დადგენილი კაპიტალის გადაადგილების თავისუფლების ფარგლებში მისი ვალდებულებები.
„საქმეში კომისია უნგრეთის წინააღმდეგ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მიიჩნია, რომ „განსხვავებები მოპყრობაში დამოკიდებულია მოცემული ფინანსური მხარდაჭერის ეროვნულ ან „უცხოურ“ წარმომავლობაზე და, შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს არაპირდაპირ დისკრიმინაციას ეროვნების საფუძველზე […] იმდენად, რამდენადაც კანონი ადგენდა განსხვავებულ მოპყრობას არსებითად თანასწორი პირების მიმართ. მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ „უნგრეთმა დააწესა დისკრიმინაციული, გაუმართლებელი და არასაჭირო შეზღუდვები უცხოურ შემოწირულებებზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის“, რაც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს შეფასებით ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული ქარტიის (EU Charter of Fundamental Rights)[13] მე-7 მუხლით განსაზღვრულ პირადი და ოჯახური ცხოვრების თავისუფლებას, ასევე, მე-8 მუხლით დაცულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას და მე-12 მუხლით გათვალისწინებულ გაერთიანების თავისუფლებას. უცხოეთიდან მხარდაჭერის მიმღები ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ უნგრეთის კანონის შეფასების შემდეგ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ კანონმდებლობა, რომელიც მოითხოვდა სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ორგანიზაციებისგან, რომლებიც უცხოეთიდან იღებდნენ მხარდაჭერას გარკვეულ ზღვარს ზემოთ, დარეგისტრირებულიყვნენ, განეცხადებინათ და გამოექვეყნებინათ თავიანთი დაფინანსების წყაროები, და რომელიც ასევე უშვებდა ჯარიმების დაწესებას შეუსაბამობის შემთხვევაში, დისკრიმინაციული და უსამართლო იყო, რამაც გამოიწვია ევროკავშირის ფუნდამენტური კანონის დარღვევა“ ,— ვკითხულობთ საკონსტიტუციო სარჩელში.
სარჩელში პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება გაერთიანების თავისუფლების დაცვის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ და ევროკავშირში აღიარებულ სტანდარტებს. მისი შეფასებით, სადავო კანონის მე-2 მუხლით ფაქტობრივად მკვიდრდება იარლიყი და დამღა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსის ქვეშ, რაც იწვევს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრების სტიგმატიზაციას.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რეესტრში რეგისტრაციისა და ფინანსური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლებაში ინტერვენციას, კერძოდ, გაერთიანებების საქმიანობის თავისუფლების პროცესში ჩარევის ფორმით, საბოლოოდ არსებით გავლენას ახდენს ამ ძირითადი უფლების სრულფასოვან რეალიზაციაზე.
„ამგვარი წესებით რეალურად შეუძლებელი ხდება დაფინანსების მოპოვება არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რომელთა ძირითადი ფინანსური რესურსი სწორედ უცხოური წყაროა, ხოლო დაფინანსების არარსებობის პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება საქმიანობის განხორციელება. კანონით გათვალისწინებული წესით დადგენილი სახელმწიფო მონიტორინგი წარმოადგენს იმ ინტენსივობის ჩარევას, რომელიც იწვევს ფაქტობრივად ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩარევას და მის შეფერხებას. ხოლო საბოლოოდ მაღალი სანქცია, რომელსაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, გამოიწვევს მძიმე მატერიალურ-ფინანსურ ტვირთს, რაც საბოლოოდ ასევე არსებით გავლენას იქონიებს გაერთიანებების ფუნქციონირებაზე“, — აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.
ამასთან, პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს, რომ რუსული კანონი ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს სუბიექტის თანხმობის და სასამართლოს ნებართვის გარეშე.
რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო, მათ შორის, -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა. დაანონსებულია სანქციების პაკეტის გაფართოიება.