“რუსული სტილის აგენტების კანონების გავრცელება” – ჰელსინკის კომისიაში სხდომა გაიმართება

ამერიკის კონგრესში, 20 ივნისს, ე.წ. უცხოეთის აგენტების თაობაზე კანონმდებლობის შესახებ იმსჯელებენ. ბრიფინგი “ჰელსინკის კომისიის” ფარგლებში გაიმართება, სადაც რამდენიმე კვირის წინ საქართველოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონზე და ქვეყანაში დემოკრატიის გამოწვევებზე იმსჯელეს.
კომისიის მიერ გავრცელებულ ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, რომ ამ ბრიფინგზე განხილული იქნება “როგორ და რატომ იღებს ამდენი ქვეყანა, სამოქალაქო საზოგადოების შესავიწროვებლად, ამ ავტორიტარულ ინსტრუმენტს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოზე, ყირგიზეთზე, სლოვაკეთსა და უნგრეთზე”.
ამ კონკრეტული სხდომისას მოუსმენენ ჯასმინ კამერონს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში “ამერიკის იურისტთა ასოციაციის” ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლის უფროს ანალიტიკოსს. ასევე ლინკოლნ მიტჩელს – კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა სკოლის პროფესორს და “ს მეგობრების” თავმჯდომარეს, მარტინა ჰრვოლოვას.
“ჰელსინკის კომისია” დაკომპლექტებულია სენატორებისა და კონგრესმენების, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის, ხაზინისა და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან და მისი მისია მსოფლიოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობის მოკვლევა და მოვლენებზე დაკვირვებაა.
ღონისძიების აღწერისას კომისია წერს, რომ “უცხოეთის აგენტების” კანონი, რომელიც რუსეთმა 2012 წელს მიიღო, გამუდმებით გამოიყენება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შესავიწროვრებლად, მოწინააღმდეგეთა დასაპატიმრებლად და ორგანიზაციების დასახურად.
“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი, რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონები სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება, რასაც უცხოური დაფინანსებისა და გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფით ამართლებენ, სინამდვილეში კი, სამოქალაქო საზოგადოების გასაკონტროლებლად და შესაზღუდადაა გამოყენებული”, – ვკითხულობთ “ჰელსინკის კომისიის” განცხადებაში. იქვე განმარტებულია, რომ მსგავსი კანონები მიიღება სამოქალაქო საზოგადოებისთვის მზარდად რეპრესიულ გარემოსა და პირობებში და მისი სამიზნე ხდება არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტები, დამოუკიდებელი მედია და სხვები. ხშირად კი, ამერიკისა და ევროპის მიერ მხარდაჭერილი სამოქალაქო საზოგადოება.
კომისია განმარტავს, რომ მსგავსი კანონები არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზებისა და დისკრედიტებისთვის გამოიყენება და მთავრობებს შესაძლებლობას და უფლებას აძლევს, ჩაერიოს არა მხოლოდ ორგანიზაციის ფინანსებში, არამედ – მის საქმიანობაშიც. მითითებულია ისიც, რომ მთავრობები, რომლებიც ამ კანონებს იღებენ, ხშირად ამტკიცებენ, რომ ის ლობირების გამჭვირვალობის თაობაზე დასავლურ ქვეყნებში მოქმედი კანონების მსგავსია, რაც სიცრუეა, რადგან ეს კანონები ფარული გავლენების გამჟღავნებას და პროპაგანდასა თუ მავნე ზემოქმედებასთან გასამკლავებლადაა შემუშავებული.
სხდომა ჰელსინკის კომისიაში 20 ივნისს, ხუთშაბათს გაიმართება, ვაშინგტონის დროით 14:00 საათზე, თბილისის დროით კი – საღამოს 10-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ვენეციის კომისიის შეფასებები აცდენილია საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს, ვხედავთ მოწოდებას, დავუშვათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, თუ მსგავსი კავშირის სამართლებრივი აღიარება