იმ საღამოს, როცა თავისი მმართველობის მინიმუმ 2023 წლამდე გახანგრძლივებას აღნიშნავდა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მისთვის ძალიან უჩვეულო რამ გააკეთა – საჯაროდ პირველად წარმოთქვა ალექსეი ნავალნის სახელი.
რუსეთში გამართულმა არჩევნებმა, რასაც დასავლეთი “აბსოლუტურ ფარსს” უწოდებს, ვლადიმირ პუტინს კვირას, ოფიციალური მონაცემებით, დიდი გამარჯვება მოუტანა. ამერიკული მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად კი, პუტინმა ნავალნის შესახებ ისაუბრა და არქტიკაში განთავსებულ კოლონიაში მის გარდაცვალებას „სამწუხარი მოვლენა“ უწოდა.
მისმა კომენტარმა, გარდაცვლილი ოპოზიციონერი ლიდერის მხარდამჭერები აღაშფოთა. ნავალნის თანამოაზრეები ამბობენ, რომ ვლადიმირ პუტინის განცხადება “ცინიკური” და “ამაზრზენია”.
ნავალნის სიცოცხლის განმავლობაში, კრემლი მის ხსენებას თავს არიდებდა. მიმომხილველთა შეფასებით, ამის მიზანი ოპოზიციონერი ლიდერის პოლიტიკურად შეუსაბამოდ წარმოჩენა იყო და ახლა ეს ტაქტიკა საჭირო აღარ არის. ახლა, ნავალნის მხარდამჭერთა მოძრაობის მთავარ გამოწვევაა დაამტკიცოს, რომ ლიდერის გარდაცვალების შემდეგ, ანგარისასაწევს ძალად რჩება.
მისი გარდაცვალებიდან ხუთ კვირაზე ნაკლებ დროში, ორჯერ დადასტურდა, რომ ნავალნის კვლავ შეუძლია, ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს – ჯერ პირველ მარტს, მის დაკრძალვაზე, შემდეგ კი არჩევების დღეს, საპროტესტო აქციაზე. ნავალნის ქვრივმა და თანამოაზრეებმა, მხარდამჭერებს მოუწოდეს, არჩევნებზე შუადღეს გამოცხადებულიყვნენ და ხმა პუტინის წინააღმდეგ მიეცათ, ან ბიულეტენები დაეზიანებიათ.
ამ მოწოდებას მოსკოვსა და სხვა ქალაქებში, რუსეთის ათასობით მოქალაქემ უპასუხა. „ჩვენ დავუმტკიცეთ საკუთარ თავს და სხვებს, რომ პუტინი ჩვენი პრეზიდენტი არ არის“, – თქვა ნავალნის ქვრივმა ბერლინში, საარჩევნო უბანთან შეკრებილი რუსეთის მოქალაქეების წინაშე, რომლებიც საპროტესტო აქციაში ჩაერთნენ.
მაგრამ, მთელი რუსეთის მასშტაბით, 143 მილიონიან ქვეყანაში, საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“, შედარებით მოკრძალებულად წარიმართა.
”ხალხი ჯერ კიდევ მზად არის, ამ საჯარო სიმბოლური ჟესტების გასაკეთებლად, მაგრამ მისი მასშტაბები უბრალოდ ძალიან შეზღუდულია”, – თქვა ნაიჯელ გულდ-დევისმა, რუსეთის სპეციალისტმა “სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტიდან”. მისი თქმით, ეს ქმედებები უზრუნველყოფს მუხტის შენარჩინების უსაფრთხო და ლეგალურ გზას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ვლადიმირ პუტინს და სურდათ ერთმანეთისთვის ეჩვენებინათ, რომ მარტო არ არიან.
თუმცა, მიმომხილველთა შეფასებით, ნავალნის მხარდამჭერთა მოქმედებები, გაფერმკრთალდა იმ სახის მასობრივ საპროტესტო აქციებთან შედარებით, რომელიც ბელარუსში 2020 წელს გაიმართა, ან რომელმაც მაგალითად, დიდი ცვლილებები მოიტანა უკრაინაში 2004 წლის არჩევნების შემდეგ, ან თავად რუსეთში, 2011-12 წლებში გამართულ ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებთან შედარებით.
ნავალნის მხარდამჭერების შემდგომი საპროტესტო აქციები ჯერ დაგეგმილი არ არის. რუსეთის ხელისუფლება, მკაცრად არბევს არასანქცირებულ შეკრებებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. მომიტინგეები, პოლიციის კიდევ უფრო მკაცრ რეაგირებას მოელოდნენ, ვიდრე ეს ნავალნის დაკრძალვის ან არჩევნების დღეს გამოჩნდა, როცა ხალხი რიგში, ხმის მისაცემად, კანონიერად იდგა.
გრძელი გზა
მიმომხილველთა ნაწილის შეფასებით, ნავალნი ერთადერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ფიგურა არ იყო. მაგრამ, ფაქტი, რომ ის გადაურჩა მოწმავლის მცდელობას, საზღვარგარეთ მკურნალობის შემდეგ კი მაინც გადაწყვიტა რუსეთში დაბრუნება და ციხეში ყოფნა, მას ბევრისთვის განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს. ვლადიმირ პუტინის სხვა ცნობილი კრიტიკოსები, მაგალითად ყოფილი პატიმარი, ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკი და ჭადრაკის ყოფილი ჩემპიონი, გარი კასპაროვი, წლების განმავლობაში რუსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ.
ახლა, როცა 71 წლის ვლადიმირ პუტინი, პრეზიდენტობის მეხუთე ვადის დასაწყებად ემზადება, ნავალნის მომხრეები გრძელვადიანი გეგმის განსახორციელებლად ემზადებიან. იულია ნავალნაიამ, „იუთუბზე“ გავრცელებულ მიმართვაში ხალხს მოუწოდა, არ დაივიწყონ მისი მეუღლის ფორმულა – „რეჟიმთან ბრძოლის 15 წუთი, ყოველდღე“.
„ყოველდღე, მინიმუმ 15 წუთი დაუთმეთ რამდენიმე სტრიქონის დაწერას, ვინმესთან საუბარს, ვინმეს დარწმუნებას და საბოლოოდ, საკუთარი შიშის დაძლევას. ნუ დააკლებთ [ძალისხმევას] ამაზე მუშაობას, რადგან მას დაუყოვნებელი შედეგი არ მოყვება, მაგრამ იყავით მომთმენნი და წინ იარეთ. მე ნამდვილად მაქვს მოთმინება“, – თქვა ნავალნაიამ.
მიმომხილველთა ნაწილისთვის, კრემლის თავდასხმის ხაზი უკვე ნათელია – გამოიყენოს ის ფაქტი, რომ ნავალნაია რუსეთის ფარგლებს გარეთაა. ამასთან, პროკრემლისტური მედია ასევე ხშირად აკრიტიკებს მას ჩაცმისა და სხვადასხვა ქმედებების გამო მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე გარდაიცვალა.
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ამ კვირაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის [იულია ნავალნაია] არის მაგალითი იმისა, რომ ადამიანებმა დაკარგეს რუსული ფესვები და “ვერ გრძნობენ თავიანთი ქვეყნის გულისცემას”.
ივან ფომინი, “ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის” ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთის ფარგლებს გარეთ მყოფი ოპოზიციური ლიდერებისთვის მნიშვნელოვანია, კონტაქტი დაამყარონ ქვეყნის შიგნით მყოფ „აზრის ახალ ლიდერებთან“, როგორიცაა მაგალითად ცოლებისა და დედების მზარდი ჯგუფები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფრონტის ხაზიდან წვევამდელების, შვილებისა და ქმრების დაბრუნებას ითხოვენ.
ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ოპოზიციონერებმა, თავიდან უნდა აირიდონ „საკუთარ გარემოცვასთან იზოლირება“ და უნდა შეინარჩუნონ კავშირები, ჯერ კიდევ რუსეთში მყოფ ადამიანებთან.
ნავალნის ყოფილმა უფროსმა თანაშემწემ, ლეონიდ ვოლკოვმა თქვა, რომ მოძრაობა ცდილობს არ იქცეს „ემიგრანტულ ორგანიზაციად“ და აქცენტს აკეთებს შიდა დღის წესრიგზე და არა საზღვარგარეთ მყოფი რუსების პრობლემებზე, როგორიცაა, მაგალითად, დასავლეთში საბანკო ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებული სირთულეები.
„ჩვენ ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რელევანტურები დავრჩეთ“, – თქვა მან მიმდინარე თვეში მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ნავალნის ორგანიზაციას, “ანტიკორუფციულ ფონდს”, დაახლოებით 140 თანამშრომელი ჰყავს და დაახლოებით 20 პროექტზე მუშაობს – მათ შორის გამოძიებაზე, რომლის მიზანია აჩვენოს, რომ ნავალნი ციხეში მოკლეს და მისი მკვლელები დაასახელოს. ვოლკოვს ლიეტუვაში ცოტა ხნის წინ ჩაქუჩით დაესხნენ თავს. ვილნიუსმა თქვა, რომ თავდასხმა კარგად ორგანიზებული და პროფესიულად შესრულებული იყო.
კრემლი, ნავალნის გარდაცვალებაში რაიმე ტიპის ჩართულობას უარყოფს.
„სიცრუე და ძალადობა“
ნავალნის ყოფილი თანაშემწე, ოპოზიციის ფიგურებისთვის, რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ საფრთხეებზე საუბრობს. ვოლკოვის თქმით, გასულ კვირას, საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრის შმდეგ, მას ლიეტუვის დედაქალაქში, ცაქუჩით დაესხნენ თავს.
პატიმრობაში მყოფი კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, ვლადიმირ კარა-მურზა ამბობს, რომ დღევანდელ რუსეთში, „ოპოზიციაზე“ საუბარიც კი ძნელად წარმოსადგენი ან მიზანშეწონილია. კარა-მურზამ, რომელიც რუსეთის ციხეში, სახელმწიფოს ღალატის მუხლით მისჯილ 25 წლიან სასჯელს იხდის, წერილობითი ინტერვიუ დამოუკიდებელ მედიასაშუალება „მედუზას“ მისცა.
ოპოზიცია არის “ტერმინი დემოკრატიული ცხოვრებიდან: ოპოზიცია ზის პარლამენტებში, მონაწილეობს არჩევნებში და სატელევიზიო დებატებში. პუტინის ყველა მთავარი ოპონენტი კი ან მოკლეს, ან ციხეშია ან საზღვარგარეთ”, – თქვა მან.
კითხვაზე პასუხად, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ უბრალო ადამიანებს არსებულ სიტუაციაში, კარა-მურზამ, ალექსანდრ სოლჟენიცინის 1974 წლის ნაშრომიდან მოიყვანა ციტატა – „ნუ იცხოვრებ სიცრუით“, – ასე ერქვა სტატიას, რომელიც საბჭოთა შრომით ბანაკებში მრავალი წლის გატარების შემდეგ, სოლჟენიცინმა დაწერა.
„გადაიკითხეთ [სოლჟენიცინის] ეს ტექტი. ყოველი სიტყვა, საოცრად აქტუალურია დღესაც. ყველა განსხვავების მიუხედავად, რეჟიმებს, მაშინაც და დღესაც, ერთნაირი, ურთიერთდაკავშირებული საფუძვლები აქვს – სიცრუე და ძალადობა“, – წერს „კარა-მურზა.
ის ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინს, ნამდვილი ბრძოლა არა ოპოზიციასთან, არამედ – მომავალთან აქვს: „მომავლის შეჩერება შეუძლებელია. რუსეთი აუცილებლად გახდება დემოკრატია, ის „ნორმალური ევროპული ქვეყანა“, რომელზეც საუბარი ალექსეი ნავალნის მოსწონდა“, – ამბობს კარა-მურზა.