დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის მზვერავი გემი „იანტარი“ დაადანაშაულა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში სახიფათო მოქმედებებში და რუსეთი მოსალოდნელი პასუხის შესახებ გააფრთხილა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ 19 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გემი „იანტარი“, რომელსაც რუსეთი იყენებს სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად და წყალქვეშა კაბელების რუკების შესადგენად, წელს უკვე მეორედ შევიდა ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში. „იანტარი“ შოტლანდიის ნაპირებიდან ჩრდილოეთით დააფიქსირეს.
გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ რუსული გემის გადაადგილების სამეთვალყურეოდ გაგზავნა საპატრულო თვითმფრინავები P-8, რომელთა პილოტების წინააღმდეგ „იანტარის“ ეკიპაჟმა ლაზერი გამოიყენა.
ჯონ ჰილიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც ხელს უშლის, ან საშიშროებას უქმნის ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავების პილოტებს, უკიდურესად სახიფათოა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა რუსეთს მიმართა, რომ ხედავენ და იციან, რასაც აკეთებს და თუ ამ კვირაში „იანტარი“ სამხრეთისკენ წავა, ბრიტანეთის ძალები მოქმედებისთვის მზად არიან.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას „პროვოკაციული“ უწოდა რუსეთის საელჩომ ლონდონში.
საელჩოს ტელეგრამ-არხზე 19 ნოემბერს, დღის ბოლოს გამოქვეყნებული განცხადებით, ბრიტანეთის ხელისუფლების „დაუსრულებელი ბრალდებები და ეჭვები მხოლოდ ღიმილს იწვევს“ და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქმედებები არ არის მიმართული გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ და „ბრიტანული წყალქვეშა კომუნიკაციები არ აინტერესებთ”, ლონდონი „თავისი რუსოფობიური კურსით“ და „მილიტარისტული ისტერიით“ ხელს უწყობს „ევროპული უსაფრთხოების შემდგომ დეგრადაციას“ და „ქმნის წინაპირობებს ახალი სახიფათო სიტუაციებისთვის“.
რუსეთის მზვერავი გემი „იანტარი“ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდა 2025 წლის იანვარშიც.
2025 წლის ნოემბრის დასაწყისში ნიდერლანდის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობამაც განაცხადა, რომ „იანტარი“ ქვეყნის ტერიტორიული წყლების მახლობლად მოქმედებდა და ჩრდილოეთის ზღვის საზღვრებიდან მის გასაყვანად ორი გემი გაგზავნეს.
რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, „იანტარი“ ოკეანოგრაფიული კვლევებისთვის განკუთვნილი გემია. ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ღრმაწყლოვანი კვლევების მთავარ სამმართველოს ეკუთვნის.
ფორუმი




