რუსული მედია: ქართული ოცნების წარმომადგენლები პუშილინს ოკუპირებულ დონეცკში შეხვდნენ

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია РИА Новости ირწმუნება, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები ოკუპირებულ დონეცკში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელს, დენის პუშილინს შეხვდნენ.

როგორც РИА Новости წერს, “პუშილინმა შეხვედრაზე ქართველ პარლამენტარებს გადასცა [უკრაინის] დაზვერვის მთავარი სამმართველოს რიგებში მებრძოლი ქართველი დაქირავებული მებრძოლების სია”.

“შეხვედრა შედგა პარტია ქართული ოცნებისა და სოლიდარობა მშვიდობისთვის წარმომადგენლების, ასევე სეზონი ტვ-ს ქართველი დამფუძნებელის მონაწილეობით.” – წერია პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

აღსანიშნავია, რომ პროპაგანდისტული მედიის ვებგვერდის გარდა, ეს ინფორმაცია, თანდართული ვიდეოთი გამოქვეყნებულია РИА Новости-ის ტელეგრამ არხზეც. ვიდეოში ასახული პირებიდან ქართული ოცნების არც ერთი ოფიციალური წევრი და არც ერთი პარლამენტარი არ ჩანს. პუშილინის პირდაპირ სხედან ქართველი პუტინისტები: პრორუსული სეზონი ტვ-ს დამფუძნებელი ნიკოლოზ მჟავანაძე, პუტინისტური პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერი მამუკა ფიფია, მისი თანაგუნდელი გიორგი ირემაძე და ივანიშვილის მერის, კახა კალაძის ნახევარდის, თამუნა კალაძის ქმარი, პაატა აბულაძე. პროპაგანდისტული მედიის აღწერა, პარლამენტარების შესახებ, შესაძლოა პუშილინის ან ქართველი პუტინისტების მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაცია იყოს.

სავარაუდოდ, საუბარია სექტემბრის დასაწყისში გამართულ ვიზიტზე, რომლის დროსაც პუტინისტები, ნიკოლოზ მჟავანაძე და მამუკა ფიფია ოკუპირებულ დონეცკს ეწვივნენ. მაშინ მათ თან ახლდათ კახა კალაძის ნახევარდის ქმარი, პაატა აბულაძეც, რომელიც, ორ შვილთან ერთად, ს მხარეს იბრძვის. შეხვედრაში ქართული ოცნების პარლამენტარები და ოფიციალური წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ. РИА Новости-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო დაუთარიღებელია, თუმცა მასში მჟავანაძეს აცვია ისე, როგორც ფოტოებში, რომლებიც სექტემბრის დასაწყისში პუტინისტმა თავად გამოაქვეყნა.

უცნობია, თუ რატომ გამოაქვეყნა რუსულმა მედიამ ერთი თვის წინანდელი ვიდეო და ინფორმაცია ახლა.

“2014 წლიდან ვაკვირდებით ქართველი ხალხის ცალკეულ წარმომადგენლებს, რომლებმაც უკრაინული რეჟიმის, სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერის გზა აირჩიეს და ჩაიდინეს ომის დანაშაულები 2014 წლიდან მოყოლებული. ესენი არიან კონკრეტული მოქალაქეები, რომლებიც ემსახურებიან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს და აგრძელებენ ომის დანაშაულების ჩადენას. ამიტომ მინდოდა გადამეცა სია, ჩვენ ყველა ინფორმაცია გვაქვს. შეხედეთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით.” – თქვა პუშილინმა შეხვედრაზე.

მამუკა ფიფიას თქმით, სურს, რომ რუსულ მედიებში უფრო ხშირად საუბრობდნენ რუსეთის მხარეს მებრძოლ ეთნიკურ ქართველებზე.

“ამ “ამხანაგების” გარდა, არიან რუსეთის მოქალაქე ქართველებიც, რომლებიც რუსეთის და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მხარეს არიან. და მსურს, რომ რუსულმა მედიებმა მათზე უფრო ხშირად ილაპარაკონ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანთა (რედ. – გულისხმობს პროუკრაინელ ქართველ მოხალისეებს) დავიწყების გარეშე.” – თქვა ფიფიამ.

ასევე დაგაინტერესებთ