რუსული მედია – რუსეთში გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს – წინასწარი მონაცემებით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა

რუსეთში გაუჩინარებული „ან-24“ ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ს ამურის ოლქის სამოქალაქო თავდაცვის ცენტრის ცნობით, „ან-24“ ტიპის თვითმფრინავის ნამსხვრევები ტინდადან 16 კილომეტრში, მთის ფერდობზე იპოვეს.
„ძებნის დროს „როსავიაციის“ „მი-8“ ტიპის ვერტმფრენმა თვითმფრინავის ფიუზელაჟი აღმოაჩინა, რომელსაც ცეცხლი უკიდია. ინციდენტის ადგილზე მაშველები მუშაობენ“, – აცხადებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, ამურის რეგიონში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.
შეგახსენებთ, „ან-24“ ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ამურის ოლქში დღეს დილით მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ხაბაროვსკი-ბლაგოვეშჩინსკი-ტინდას რეისს ახორციელებდა.
თვითმფრინავის ბორტზე 43 მგზავრი, მათ შორის 5 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.