რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მტკვრის ორივე სანაპირო გადაკეტეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მტკვირს ორივე სანაპირო გადაკეტეს. ამ დროისთვის [00:20] საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია მტკვრის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა სანაპიროზე.
პარალელურად, აქცია გრძელდება რუსთაველის გამზირზე, სადაც ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები მათ შორის ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ვითარება 23:15 საათისთვის დაიძაბა. პოლიციამ მოქალაქეების დაკავება ჩიტაძის ქუჩაზე განაახლა.
როგორც ერთ-ერთი პოლიციელი ტელეკომპანია პირველის ეთერში აცხადებდა, მათი მისამართით მოქალაქეები ბოთლებს ისროდნენ, თუმცა კადრებში ჩანდა რომ პლასტმასის ბოთლებს მოქალაქეების მიმართულებით პოლიციელებიც ისროდნენ.
აღნიშნულის შემდეგ წინა პლანზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადმოინაცვლეს და წიწაკის სპრეის შემდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. აღნიშნულს წინ არ უძღოდა გაფრთხილება.
შედეგად, აქციის მოანწილეებს ჩიტაძის ქუჩის დატოვება მოუხდათ, თუმცა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს რუსთაველის გამზირის მიმართულებითაც, რის გამოც მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვება მოუწიათ.
თუმცა, მას შემდეგ, რაც კვამლი გაიფანტა ადამიანები კვლავ რუსთაველის გამზირზე ბრუნდებიან.