რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

15 დეკემბერს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. ინფორმაციას ადასტურებს სახალხო დამცველის მოადგილე, ელენე ღუდუშაურიც.
14 დაკავებულიდან 8-ს იცავს არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი, 4-ს კი, ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე. დანარჩენი ორი დაკავებულის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტის, თეონა ზაქარაშვილის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაკავებულთა ნაწილთან მოახერხებს შეხვედრა, ნაწილის ადგილსამყოფელი კი ჯერჯერობით მათთვისაც უცნობია. ზაქარაშვილის თქმით, დაკავებულთა ნაწილი საუბრობს პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე.
იმავეს ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძეც. მისი დაცვის ქვეშ მყოფი ოთხი პირიდან ერთი, უჩა ქემაშვილი პოლიციელებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ტყეშელაძე აპირებს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართოს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტის გამოსაძიებლად.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ჯერჯერობით მათთვის არ მიუმართავს გუშინდელ აქციაზე დაკავებულ არცერთ მოქალაქეს, ან მის წარმომადგენელს.
სახალხო დამცველის მოადგილემ, ელენე ღუდუშაურმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ აპარატის წარმომადგენელი გუშინვე შეხვდა 8 დაკავებულს, დღეს კი, კიდევ 2-ს.
“ჩვენ გუშინ ღამით მოვინახულეთ 8 დაკავებული, დღეს დილით – 2. ამ 10 დაკავებულიდან ერთი მიუთითებს პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე. ამასთან დაკავშირებით მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მივადევნებთ თვალს ამ საქმის გამოძიებას. დანარჩენებსაც განვუმარტეთ, რომ თუ რაიმე ჩივილი ექნებათ, შეუძლიათ მოგვმართონ”, – ამბობს ელენე ღუდუშაური.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში დაკავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არაფერი წერია, თუმცა აღნიშნულია, რომ აქციის დროს ფიზიკური დაზიანება მიიღო ერთმა პოლიციელმა.
“2024 წლის 15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება, რათა, ერთი მხრივ, თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საშუალება. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა 14 პირი. აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დროს დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა”, – ვკითხულობთ -ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ შეკრებილ მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, შეზღუდვების გარეშე გამოეხატათ პროტესტი, პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან ქუჩისა გადაკეტვას კი საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის მიმდინარეობით ხსნიან.