რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ, რომლის მიწვევითაც მარტის დასაწყისში „ქართული ოცნების“ დელეგაცია აშშ-ში „სუვერენული ერების ალიანსის“ სამიტს დაესწრო, ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუსს დეპუტატებს უმასპინძლა.რუსეთის დელეგაციაში შედიოდა დუმის ხუთი დეპუტატი: საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ნიკონოვი, ბორის ჩერნიშოვი, მიხაილ დელიაგინი, ვლადიმერ ისაკოვი. ყველა მათგანი ევროკავშირის სანქციების ქვეშაა, ზოგიერთს კი დამატებითი სანქციები აქვს გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის, ავსტრალიისა და სხვა ქვეყნების მხრიდან.ლუნამ იანვარში განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი რუს კანონმდებლებს ვიზებს აძლევდა.The Hill-ის ინფორმაციით, ხუთშაბათს საღამოს ლუნამ რუსი კანონმდებლებისთვის აშშ-ის კაპიტოლიუმში კერძო ტური მოაწყო, რაც მოიცავდა წვდომას წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ოფისთან.იმავე დღეს უფრო ადრე გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ლუნა და კონგრესმენები: დერიკ ვან ორდენი (რესპუბლიკელი), ენდი ოგლსი (რესპუბლიკელი), ელი კრეინი (რესპუბლიკელი) და ვისენტე გონსალესი (დემოკრატი).„დღეს, თითქმის საუკუნის მეოთხედის განმავლობაში პირველად, კონგრესის 5 წევრი (ორპარტიული შემადგენლობით) შეხვდა რუსეთის დუმის 5 წევრს მშვიდობისა და ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად. როგორც მსოფლიოს ორი უდიდესი ბირთვული ზესახელმწიფოს წარმომადგენლები, ჩვენ ვალდებულნი ვართ ჩვენი მოქალაქეების წინაშე, გვქონდეს ღია დიალოგი, იდეები და კომუნიკაციის ღია ხაზები. ჩვენ კვლავაც შევუწყობთ ხელს ამ დიალოგს და ვიბრძოლებთ მშვიდობისთვის, რათა მხარი დავუჭიროთ ამ ადმინისტრაციის სწრაფვას მშვიდობისა და ეკონომიკური შესაძლებლობებისკენ“, — დაწერა ლუნამ X-ზე.2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს რუსი კანონმდებლების პირველი ვიზიტია კაპიტოლიუმში, რამაც რესპუბლიკელი კოლეგების არაერთგვაროვანი რეაქცია და უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფების კრიტიკა გამოიწვია.კონგრესმენმა ჯო უილსონმა The Hill-ს განუცხადა, რომ დუმის წევრებთან შეხვედრას ის „მესამე რაიხის წარმომადგენლების ვიზიტს“ ადარებს.„მე ლუნას პირადად არ ვიცნობ. უბრალოდ არ ვეთანხმები პუტინის რეჟიმთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას. მათ ყოველგვარი განზრახვა აქვთ ხელი შეუწყონ ირანის მიზანს „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“, — განაცხადა ჯო უილსონმა.დემოკრატთა კონგრესის საარჩევნო კომიტეტმა (DCCC) ასევე დაგმო ლუნას ქმედება:„ანა პაულინა ლუნამ უნდა გადაწყვიტოს, ვის წარმოადგენს — ფლორიდას თუ კრემლს“, — განაცხადა DCCC-ის სპიკერმა მედისონ ენდრუსმა.ანა პაულინა ლუნა რესპუბლიკური პარტიის MAGA ფრთას მიეკუთვნება და 2023 წლიდან წარმოადგენს ფლორიდის საარჩევნო ოლქს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. პოლიტიკაში მოსვლამდე მუშაობდა ჩარლი კირკის დაფუძნებულ კონსერვატიულ ორგანიზაციაში Turning Point USA.ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგზავნას.4-5 მარტს, სწორედ ანა პაულინა ლუნას მიწვევით, „სუვერენული ერების ალიანსის“ პირველ სამიტზე დასასწრებად იმყოფებოდნენ აშშ-ში: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და ეკა სეფაშვილი.წლის დასაწყისში ანა პაულინა ლუნა ასევე შეხვდა აშშ-ში საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილს.



