რუსლან სივაკოვისა და სერგეი კუხარჩუკის ადვოკატი მოსამართლეს – უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულები გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ, რომ უდანაშაულოდ იქნან ცნობილი! – ცამდე მართლები ვართ ამ საქმეში!

უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულები გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ, რომ უდანაშაულოდ იქნან ცნობილი! ჩვენ მართლები ვართ, არა მხოლოდ თქვენთან, არამედ ნებისმიერ ადამიანთან. ჩვენ ვართ ცამდე მართლები საქმეში! – აღნიშნულით ადვოკატმა ბექა ხახობაშვილმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მიმართა.
ბექა ხახობაშვილი საპროტესტო აქციაზე დაკავებული 11 პირის საქმეში უკრაინის ორ მოქალაქეს, რუსლან სივაკოვს და სერგეი კუხარჩუკს იცავს.
დღევანდელ პროცესზე მან დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა და აღნიშნა, რომ „საქმე პირდაპირ „შეკერილია“.
ადვოკატის განმარტებით, არცერთი ბრალდებული არ უარყოფს იმას, რომ ისინი საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ, თუმცა მათი წინააღმდეგ ბრალდებას საქმეში მტკიცებულება არ აქვს.
„ბრალდებამ სერგეი კუხარჩუკთან მიმართებით საქმე პირდაპირ „შეკერა“. მას ერთ დღეში „შეუკერეს“ საქმე… ბრალდებას არ აქვს სინდისის პატიმრების მიმართ დანაშაულის მამხილებელი ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი. ადამიანი, რომელიც საუბრობდა იმას, რომ პოლიციის მიმართ ისროდნენ საგნებს, ის ადამიანი ბრალდების მხარემ აქ არ მოიყვანა. ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, ბრალდების მხარეს ჩავარდნა აქვს… ეს უდანაშაულო ხალხი აქ გაურკვეველ ვითარებაში მოხვდა და მთელი სახელმწიფო მანქანა მათ წინააღმდეგ მუშაობს. ჩვენ მუდმივად ვხედავთ ხელისუფლების ჩარევას, ცდილობს დამაკნინებლად მოიხსენიოს სინდისის პატიმრები. სახელმწიფოს წარმომადგენელი პირდაპირ არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. ბატონო მოსამართლევ, ეს მიჩენს აზრს, რომ თქვენ ამ საქმეში არ ხართ ობიექტურად ჩართული და ზეგავლენის ქვეშ ხართ, ეს ზეგავლენა აღიქმება სასამართლოს დონეზეც…
თქვენი მოქმედებები სასამართლოში არ იყო ობიექტური, თქვენი წინა გადაწყვეტილებები იყო უკანონო! თქვენი სანდოობა ეჭვქვეშ არის დაყენებული“, – განაცხადა ბექა ხახობაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა იმ პირებზე, რომლებიც პროკურატურამ დაზარალებულად ცნო როგორც 11 პირის საქმეში, ისე 8 პირის საქმეში. ადვოკატმა აღნიშნულს კომიკური უწოდა და ალეგორიად მხატვრული ფილმი „ცისფერი მთები“ მოიყვანა.
„ორი სათაურის“ თემა გვაქვს რეალურად, „ცისფერი მთები“ გაახსენდება საზოგადოებას, როდესაც სახელმწიფო იყენებს ამ ხალხს…
ბრალდების მხარეს უტყუარად არაფერი წარმოუდგენია და არც პერსპექტივა აქვთ, რომ რაიმე დაადგინონ ამ საქმეზე. არც დასკვნით სიტყვაში უთქვამთ ისეთი, რაც შეფასების საგანი გახდებოდა.
უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულები გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ, რომ უდანაშაულოდ იქნან ცნობილი! ჩვენ მართლები ვართ, არა მხოლოდ თქვენთან, არამედ ნებისმიერ ადამიანთან. ჩვენ ვართ ცამდე მართლები საქმეში“, – განაცხადა ბექა ხახობაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.