რუსი პრანკერები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსი ოპოზიციონერის, გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს: „იმაში გასარკვევად, ვინ დგას საქართველოში მიმდინარე პროტესტების უკან, რომელიც უკვე მეხუთე თვეა არ წყდება, დავუკავშირდით საქართველოს ექსპრეზიდენტს, საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს. საუბარი მიმდინარეობდა უცხოეთის აგენტ გარი კასპაროვის სახელით“, – წერენ რუსი პრანკერები – „ვოვანი და ლეკსუსი“ – თავიანთ ტელეგრამ-არხზე და ვიდეოსაც ურთავენ. თავად ზურაბიშვილს კომენტარი ამ ამბავზე ჯერ არ გაუკეთებია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრანკერებმა ქართველ პოლიტიკოსთან განიხილეს თბილისში მიმდინარე პროტესტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკა, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება.
ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კასპაროვის სახელით მათ ზურაბიშვილს შესთავაზეს დახმარება საქართველოს ორგანიზაციების დაფინანსებაში. პრანკერების მიერ გამოქვეყნებული რუსული (საუბარი ინგლისურად წარიმართა) თარგმანის მიხედვით, მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მედიას სჭირდება მხარდაჭერა, განსაკუთრებით – რეგიონულს, აგრეთვე – პროფკავშირებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სოციალური საკითხებით არიან დაკავებულები.
„[პატარა არასამთავრობოები] ძირითადად ფინანსდებოდა USAID-ის ან ცალკეული ევროპული ფონდების მიერ, ევროპელები კი მოქმედებდნენ საკმაოდ ნელა. ისინი ამბობდნენ, რომ სანქციების გზით შეჩერებული სამთავრობო პროგრამებიდან სახსრებს გადაიტანდნენ და გადაამისამართებდნენ სამოქალაქო სექტორში. თუმცა ეს ამ დრომდე არ მომხდარა, ამდენად კრიტიკული მომენტი დადგა“, – ასე ციტირებს „ვოვანი და ლეკსუსი“ სალომე ზურაბიშვილს. აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას კი გამოუხატავს უკმაყოფილება იმის გამო, როგორც „ბოლო წლებში რუსები იქცევიან აფხაზების მიმართ“:
„ჩემი აზრით, აფხაზეთის ერთადერთი გზა მომავლისკენ არის ევროპა. მხოლოდ ევროპაში საერთო ინტეგრაცია შეიძლება იქცეს მოგვარებად. ეს არ უნდა ხდებოდეს პირდაპირი მოლაპარაკებებით, რადგან ანტაგონიზმი ჯერ კიდევ არსებობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ აღარ უყვართ რუსები, არ ნიშნავს, რომ მათ უეცრად ქართველები შეუყვარდათ. ჩვენ მოგვიწევს ამისი გადალახვა. გადალახვა კი შესაძლებელია მხოლოდ საერთო პერსპექტივით. საერთო პერსპექტივა კი არის ევროპა“, – ასე ციტირებენ პრანკერები, როგორც თავად წერენ, სალომე ზურაბიშვილს.
პრანკერები დაუკავშირდნენ უჩა ნანუაშვილს – ყოფილ სახალხო დამცველს, ამჟამად კი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს – რომელმაც, პრანკერების სიტყვებით, მათ რამდენიმე პროექტი გაუგზავნა დასაფინანსებლად.
უჩა ნანუაშვილმა „ეხო კავკაზას“ დაუდასტურა, რომ ასეთი საუბარი ნამდვილად შედგა – მას ეგონა, რომ კასპაროვს ესაუბრებოდა. თუმცა ნანუაშვილი ამბობს, რომ მისი სიტყვები დაამახინჯეს:
„რაც გაუშვეს ანონსი, მაგალითად, ნიღბიან ფორმირებებზე და მაიდანზე, რაც ვთქვი, პირიქით, ხელისუფლების ორგანიზებული იყო ნოემბერ-დეკემბერში და არა აქციის მონაწილეების მიერ“, – განუმარტა უჩა ნანუაშვილმა „ეხო კავკაზას“.
მანამდე საქართველოს პროკრემლისტური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ფიფიამ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის დაეხმარა რუს პრანკერებს სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის გამასხარავებაში.
„ვოვანმა და ლეკსუსმა“ კასპაროვის სახელით სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს აგრეთვე მამუკა ფიფიას პარტიის შესახებაც. მათი სიტყვებით, ზურაბიშვილს უპასუხია, რომ ასეთ პარტიას საქართველოში „არ აქვს არანაირი შანსები, ფულიც რომ ჰქონდეს“. პირველი არხის ეთერში პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარემ მიხეილ ჟღენტმა დასავლეთი და ზურაბიშვილი გააკრიტიკა.
• რუსი პრანკერები ვლადიმირ კუზნეცოვი და ალეკსეი სტოლიაროვი ცნობილები როგორც „ვოვანი და ლეკსუსი“, ინტერნეტში აქვეყნებენ რუს და მსოფლიოს პოლიტიკოსებთან საუბრების ჩანაწერებს. 2016 წელს გაზეთი „გარდიანი“ განმარტავდა, რომ მათ მიერ მოწყობილი გამასხარავების წარმატებულობა დაკავშირებულია რუსეთის სპეცსამსახურებთან, თუმცა თავად პრანკერები ამას უარყოფდნენ.
• პროკრემლისტური პარტია „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ საქართველოში 2023 წლის ბოლოს შეიქმნა, თუმცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. მამუკა ფიფია მანამდე გამოდიოდა ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვებით; ჰუმანიტარული დახმარება ჩაჰქონდა კურსკის ოლქში, 2023 წელს ის, „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძის მიწვევით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის შენობაში.
დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
ფორუმი
