რუსეთის “კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა” (НИИРК) „პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკომუნიკაციო რეჟიმების კეთილგანწყობის შესახებ“ ყოველწლიური მონიტორინგისა და რეიტინგის შედეგები გამოაქვეყნა.
რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველო „შედარებით მეგობრული“ ქვეყანაა, ამასთან, გასულ წელთან შედარებით, „მეგობრულობის“ სარეიტინგო ქულა მცირედით დაკლებულია.
“მიუხედავად იმისა, რომ (საქართველოს) მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსი აშკარად ანტირუსული ხასიათისაა, ეკონომიკური და სამოქალაქო კომუნიკაციების რეჟიმი შერბილდა: გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, აღდგა საჰაერო მიმოსვლა ქვეყნებს შორის, ქართველი ახალგაზრდები აქტიურად არიან დაინტერესებულნი რუსული საგანმანათლებლო პროექტების მიმართ და ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლით“, – ნათქვამია კვლევაში.
კვლევაში პირველად მოხვდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები – „სამხრეთ ოსეთს“ ყველაზე მეგობრულის წოდება აქვს (100-დან 93.5 ქულა), “აფხაზეთი” მესამე ადგილზეა (81.4 ქულა), მეორე ადგილზე კი ბელარუსია (87.6 ქულა).
ყველაზე უარესისკენ შეცვლილია სომხეთის მაჩვენებელი, რაც რუსი ექსპერტების შეშფოთებას იწვევს. მათი განცხადებით, სომხეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკური რიტორიკა და განცხადებები „რუსეთის მიმართ სულ უფრო არამეგობრული ხდება, თუმცა ეს სიღრმისეულად ეწინააღმდეგება სომხური საზოგადოების მოსაზრებას“.
მოლდოვა, რომელიც გასულ წელს „შედარებით მეგობრული“ იყო, წელს „არამეგობრულების“ რეიტინგში მოხვდა. „იქ მატულობს პოლიტიკოსების ანტირუსული განცხადებების რაოდენობა, ასევე მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები“, – მიიჩნევენ ანგარიშის ავტორები.
შესაბამისად, მოლდოვა შეუერთდა მოსკოვისთვის „არამეგობრული“ პოსტსაბჭოთა ქვეყნების რიცხვს, რომელთა შორისაა ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია და უკრაინა.