რუსი ანტიპუტინისტი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველოში რუსი ჟურნალისტი, ბორის ზოლოტარევსკი არ შემოუშვეს.
ზოლოტარევსკის მესაზღვრეებმა ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, ავტობუსიდან ჩამოსვეს და მოსაცდელ ოთახში საათები დააყოვნეს, ბოლოს კი ფურცელი მისცეს, სადაც არ იყო დაკონკრეტებული უარის თქმის მიზეზი.
ზოლოტარევსკი ხშირად აკრიტიკებს ს ხელისუფლებას და გმობს სხვა ქვეყნების ტერიტორიების მიტაცების მცდელობას. იგი რუსეთში ცხოვრების პერიოდშიც იბრძოდა პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ, რის გამოც მოუწია ქვეყნის დატოვება და საქართველოში გადმოცხოვრება. რუსი აქტივისტი საქართველოში უკვე სამი წელია ცხოვრობს. პარალელურად იგი ჰუმანიტარული დახმარებით ეხმარება ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას და აქტიურადაა ჩართული უკრაინის მხარდამჭერ აქციებში.
“ავტობუსით ვბრუნდებოდი სომხეთიდან საქართველოში. სტანდარტული პასპორტკონტროლის შემდეგ, როცა ჩემი ჯერი დადგა, მესაზღვრეებს თვალები გაუფართოვდათ ჩემი დოკუმენტების დანახვისას. ორი საათი მალოდინეს, რეკავდნენ ერთმანეთთან და კამერით მაფიქსირებდნენ. ამის შემდეგ მითხრეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ვერ შევალ. მიზეზის კითხვის შემდეგ დოკუმენტები გადმომცეს სტანდარტული ფორმულირებით” – ამბობს ზოლოტარევსკი TV პირველთან
ჟურნალისტის თქმით, მას არანაირი კანონი არ დაურღვევია და უცნობია, რის საფუძველზე უთხრეს ქვეყანაში შესვლაზე უარი.
“ჩემთვის ამ დრომდე დაუდგენელია, რის გამო გამაბრუნეს საზღვრიდან. მე რუსეთიდან პუტინის ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო გამომაქციეს, თუმცა იქაც კი არ დამირღვევია კანონი. ასე რომ ყოფილიყო წამში დამაკავებდნენ. რა თქმა უნდა, არც ქართული კანონი დამირღვევია ქვეყანაში ცხოვრების განმავლობაში. საქართველოს და უკრაინის ანექსიის, ოკუპაციის წინააღმდეგ ვიბრძვი. საოკუპაციო ხაზთან ოცჯერ მაინც ვარ ნამყოფი. საჯარო აქციები დამიგეგმავს, არაფერს ვმალავ. არანაირი რაციონალური ახსნა, გარდა ჩემი აქტივიზმისა არ შეიძლება არსებობდეს, რის გამოც საქართველოში არ შემომიშვეს. რუსეთიდან წამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. საქართველო ჩემთვის სახლად იქცა, ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს ჩამოსვლას ოდესმე შევძლებ. აქ თავისუფალი ხალხი ცხოვრობს და ჩემი სახლი უკვე ძალიან მენატრება”.- ამბობს ბორის ზოლოტარევსკი