რუსთავში „კოალიციამ ცვლილებისთვის” პირველი ყრილობა გამართა. ღონისძიება კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ გახსნა, რომელმაც ამომრჩეველს სიტყვით მიმართა.
გვარამიამ სიტყვით გამოსვლაში თავისი საარჩევნო დაპირებები გააცნო სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებს, მთავარი დაპირება კი ევროკავშირში გაწევრიანება და ის სიკეთეებია, რომელიც ევროპული ოჯახის წევრობას მოსდევს.
„მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ პატრიორტს ვხედავ ჩვენს ყრილობაზე. მიხარია, რომ ჩვენს პირველ ყრილობაზე ამდენი პატრიოტი, ამდენი გულანთებული და ჟინიანი ქართველია. დღეს ჩვენი კოალიცია მთავარ სათქმელს გეტყვით აქ, აქედან, რუსთავიდან და ეს არ არის შემთხვევითი – ქალაქი რუსთავი ავირჩიეთ შეგნებულად. ეს ქალაქი არის ყველაზე უფრო სწორად და ზუსტად ამსახველი სიმბოლო, ქალაქი უზარმაზარი პოტენციალით, მაგრამ გაჩერებული. ქალაქი სიმდიდრისა და კეთილდღეობის უზარმაზარი შესაძლებლობებით, რაც ხელმიუწვდომელია ქალაქის მცხოვრებლებისთვის. შესანიშნავი, წარმოუდგენელი, განუმეორებელი ახალგაზრდებით, რომლები არაფრით ჩამოუვარდებიან ევროპული ქვეყნების თანატოლებს, მაგრამ არანაირი პირობა არაა მათთვის შექმნილი ამ ქალაქში და ამიტომ ტოვებენ ქალაქს – ან სხვაგან მიდიან ან ქვეყნიდან გადიან. ქალაქი შრომისმოყვარე ქალებითა და კაცებით, რომლებიც ვერაფერს აღწევენ თავის ქალაქში და მიდიან ემიგრაციაში, იქიდან კი ცდილობენ, არჩინონ საკუთარი ოჯახები. მათზე არავინ ზრუნავს, მათ არავინ ასაქმებს, არავინ ესაუბრება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მათი ოჯახის მომავალი, რა კეთდება იმისთვის, რომ ბედნიერები იყვნენ საკუთარ სამშობლოში. დიახ, ადამიანი ბედნიერი შეიძლება იყოს მხოლოდ საკუთარ სამშობლოში. როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს უცხო ქვეყანაში, მისი ბედნიერება მაინც აქ არის, სადაც მისი ფესვებია – საქართველოში, ჩვენს სამშობლოში.
დიახ, ჩვენ ვიმსახურებთ წარმატებას, ვიმსახურებთ ბედნიერებას, ვიმსახურებთ საუკეთესოს, რისთვისაც მიუღწევიათ ჩვენს წინაპრებს და რისთვისაც იბრძვის ჩვენი მომავალი თაობა. ჩვენმა თაობებმა ეს ყველაფერი უნდა მოვიპოვოთ ჩვენი გამბედაობით, შრომისმოყვარეობით, ნიჭიერებით იმიტომ, რომ ჩვენ გვეძახის ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა გვარამიამ.