თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, რუსთავში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი: ახალგაზრდესბის სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის” გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფორუმზე სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გურამ ოქროპირიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი და „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის“ შექმნის ინიციატორი გიორგი ჩაკვეტაძე გამოვიდნენ.
ღონისძიებას, თბილისის საკრებულოს, ცენტრალური და ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რუსთაველი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
ფორუმის მიზანი მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა იყო.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, მიმართა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით მრავალ პროგრამას ახორციელებს, უშუალოდ ახალგაზრდების მხრიდან წამოსული ინიციატივები მნიშვნელოვან სიახლეს მოუტანს ქვეყანას და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას.
„მოხარული ვარ, რომ დღეს კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება მონაწილეობა მიმეღო ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ ფორუმში, რომლის მსვლელობისას ჩვენ მოვისმინეთ მონაწილეთა ინიციატივები მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნისათვის. ამას გარდა, საუბარი შეეხო სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას, ახალი იდეებისა და პროექტების ხელშეწყობისა და დაფინანსების შესაძლებლობებს. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფორუმის ფარგლებში 64-ვე საკრებულოს ახალგაზრდა წევრებმა კენჭი უყარეს რეზოლუციის პროექტს „ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის“. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ხელისუფლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ძირითად რეკომენდაციებს ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის“ მნიშვნელობასა და მიზნებზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემაც, ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი ახალგაზრდული სტრატეგიის განხორციელებაში მუნიციპალური როლის გაძლიერებას და ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით განვითარებას ემსახურება.
„ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ პანელურ დისკუსიებში. დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რომლებიც მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით დგას. ასევე გვქონდა საშუალება ამ საკითხებთან დაკავშირებით საუკეთესო პრაქტიკები გაგვეზიარებინა,“ – განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი“ 2018 წლის 12 თებერვალს თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაფუძნდა. წელს ფორუმმა 500-მდე მონაწილეს უმასპინძლა, რომლებმაც ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს.