აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა 21:00 საათისთვისაც სცადეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აქციაზე საკმარისი ხალხი არ იყო და ტრანსპორტის სავალ ნაწილს ხელოვნურად კეტავდნენ. პოლიციამ მათ გზის გასახსნელად 15 წუთი მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიმუქრა, რომ მოახდენდა ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებდა კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს.
დემონსტრანტები ადგილზე მისული პოლიციის წარმომადგენლების მოწოდებებს დაემორჩილნენ და ტროტუარზე გადავიდნენ. გზა გაიხსნა. აქციის მონაწილეთა ნაწილი სოციალურ ქსელებში წერდა, რომ ხალხი რუსთაველზე მართლაც ცოტა იყო და თანამოაზრეებს მოუწოდებდნენ, პარლამენტის წინ გამოსულიყვნენ.
დაახლოებით ერთ საათში ხალხის რაოდენობამ საგრძნობად იმატა და რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა.
სადავო პარლამენტმა 2 დღეში მიიღო ცვლილებების მორიგი პაკეტი, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ხელი 16 ოქტომბერს მოაწერა.
აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა ახლა უკვე სისხლის სამართლის წესითაც გახდა დასჯადი და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერის შემდეგ, კანონი გამოქვეყნდა “საკანონმდებლო მაცნეში” და ძალაშიც შევიდა.
უკვე მოქმედი ცვლილებებით, ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული:
· აქციაზე ნიღბის ტარებისთვის;
· ცრემლმდენი საშუალების ფლობისთვის;
· გზის გადაკეტვისთვის.
2024 წლის 28 ნოემბრიდან რუსთაველის გამზირს საღამოობით დემონსტრანტები კეტავენ. 4 ოქტომბრის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები რუსთაველზე მიმდინარე დემონსტრაციებს „უკანონოს“ უწოდებენ.
