რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.
უწყვეტი პროტესტის 209-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. პარლამენტის წინა პერიმეტრზე შესრულდა მუსიკალური პერფორმანსი, სადაც პატიმრების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ხელისგულებზე დაკავებულთა სახელები და გვარები ჰქონდათ დაწერილი.
პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადმოინაცვლეს და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
