რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა. მოქალაქეებმა, რომლებიც უკვე სამ თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები პროტესტის ნიშნად 111-ე დღეა იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნით: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან სეუ-ს სტუდენტური მოძრაობა მეორე დღეა 24-საათიან უწყვეტ პროტესტს მართავს.
სტუდენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, 24-საათიანი პროტესტის შესახებ, რომელიც, მათი თქმით, გაგრძელდება ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება.
“ჩვენ ვართ სეუ-ს სტუდენტური მოძრაობა, რომლებიც ვითხოვთ “ქართული ოცნების” გადადგომას, არანაირ ახალ არჩევნებს. “ქართული ოცნების” გადადგომა ავტომატურად ნიშნავს ახალ არჩევნებს.
ჩვენი გეგმაა, 24-საათიან პროტესტში ყოფნა, რომელიც აუცილებლად გაიზრდება და გავხდებით იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე რუსთაველის გამზირს უნახავს”, – განაცხადა სეუ-ს სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთმა სტუდენტმა, ლერი დარჯანიამ.
