რუსთაველზე პოლიცია დემონსტანტებს აკავებს – დაკავებულთა შორის არის მიშა ზაქარეიშვილი

მოკლედ
· რუსთაველზე, სადაც მოქალაქეები უწყვეტი, ყოველდღიური პროტესტის ფარგლებში არიან შეკრებილები პარლამენტის წინ – პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.
· ადგილზე მყოფების თქმით, სამართალდამცველები მათ ხელს უშლიდნენ მარშირების დროსაც – მარშები ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებმა მას შემდეგ განაახლეს, რაც პოლიცია პარლამენტის წინ გზის გადაკეტვის საშუალებას აღარ იძლევა ტროტუართან პოლიციის ცოცხალი კედლის აღმართვით.
· დაკავებულთაგან ცნობილია ორის ვინაობა: ვანო სხირტლაძე და მიხეილ ზაქარეიშვილი.
ვანო სხრიტლაძე დაკავებამდე პოლიციელების წინ რეზინის ხმოვანი მამლით დასეირნობდა.
მიხეილ ზაქარეიშვილი გასული თვის განმავლობაში ჯერ პირბადის დემონსტრაციულად ტარებით, შემდეგ კი პარლამენტთან მოტოციკლის გაჩერებით აპროტესტებდა ახლადმიღებულ კანონებს, რომლებსაც უფლებადამცველები და დემონსტრანტები რეპრესიულად მიიჩნევენ.
ზაქარეიშვილის დაკავების კადრებში ჩანს პოლიციის მაღალჩინოსანი გოგა მემანიშვილი. დემონსტრანტი პოლიციამ პარლამენტის წინ, ტროტუარზე მდგარი დააკავა.
პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა 19 ნოემბერსაც – ბოლო პერიოდში სამართალდამცველები ცდილობენ მაქსიმალურად შეზღუდონ პროტესტის მონაწილეები. მათ არ აძლევენ გზების ავტომობილისთვის განკუთვნილ ნაწილებზე მარშირების უფლებას, ზღუდავენ ტროტუარებზე გადაადგილებასაც ცოცხალი კედლებით და როგორც წესი, არ განმარტავენ, რა არის შეზღუდვების საფუძველი.
პოლიციის ქმედებების ფონია გამკაცრებული კანონდებლობაც, რომელიც რიგი ადმინისტრაციული დარღვევებისთვის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ