რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით. იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი
„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით. იყო შემოტევა, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში, ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი, ჩვენი პრინციპები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პრეზიდენტი საუბრისას სხვადასხვა თემას შეეხო, მათ შორის, ახსენა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხიც.
მისი თქმით, ამ პროცესში საქართველომ საკმაოდ პრინციპული პოზიცია დაიკავა. მისივე განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბული ვითარებაც დასასრულს მიუახლოვდა.
ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო გაღრმავდება.
„საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს საომარ ვითარებასთან ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან დაკავშირებით და ამ პროცესში, ჩვენ დავიკავეთ საკმაოდ პრინციპული პოზიცია, რომელიც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ვისთვისაც მშვიდობას ძალიან დიდი ფასი აქვს ამ გამოწვევების ფონზე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას, რომელსაც ჩვენ მუდმივად მყარად ვიცავდით უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება და მშვიდობა დაისადგურებს მსოფლიოში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი რეგიონისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს რეგიონში იყო დაძაბული სიტუაცია, საომარი ვითარებები სომხეთს და აზერბაიჯანს შორის და ესეც დასასრულს მიუახლოვდა. სამხრეთ კავკასია ერთ-ერთი საკვანძო რეგიონია აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და სერბებსაც დიდი შესაძლებლობები გაუჩნდებათ ამ დერეფანთან დაკავშირებით. ჩვენ ბალკანეთის ქვეყნებთან, შავი ზღვის საშუალებით, გვექნება უფრო მჭიდრო ურთიერთობა. ეს ორმხრივი ურთიერთობები მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი საკითხები იყოს წარმოდგენილი ჩვენს დღის წესრიგში და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი საქმიანი საუბრის შემდეგ ჩვენი დარგები, ჩვენი სამინისტროები უფრო მჭიდროდ გააგრძელებენ ურთიერთობას, რომ უფრო განვითარებული გახდეს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები.
სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდ პატივს ვცემ. თქვენ ახსენეთ გაეროს რეზოლუციები, სადაც დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვისთვის და მხარში დგომისთვის, ანალოგიურად ვართ განწყობილი მთელი საქართველო სერბეთის მიმართ, ამიტომ, ამასაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. კიდევ ერთხელ მინდა, რომ კმაყოფილება გამოვთქვა ჩემი აქ ყოფნით ჩემს დელეგაციასთან ერთად და მივესალმო სერბ ხალხს, ასევე, მოკითხვა გადმოგცეთ საქართველოს მოსახლეობისგან იმიტომ, რომ ძალიან უყვართ სერბი ხალხი საქართველოში და ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენ გიწვევთ საქართველოში შემდეგ წელს. დარწმუნებული ვარ, გვეწვევით და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.




