რუსეთში კიდევ ერთი ვიცე-გუბერნატორი დააკავეს თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობის საქმეზე

რუსეთში დააკავეს ბრიანსკის ოლქის ვიცე-გუბერნატორი ნიკოლაი სიმონენკო. ს სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, სიმონენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.
საქმე ეხება სთან მოსაზღვრე რაიონებში თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობას. რუსეთის ბრიანსკის ოლქი უკრაინის სუმის და ჩერნიგოვის ოლქებს ესაზღვრება.
ვიცე-გუბერნატორთან ერთად ეჭვმიტანილია ბრიანსკის ოლქის კაპიტალური მშენებლობების სამმართველოს დირექტორი ევგენი ჟურა.
გამოძიების თანახმად, სიმონენკომ და ჟურამ იცოდნენ, რომ 1,4 მილიარდ რუბლზე მეტი ღირებულების საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობისთვის დაქირავებულმა კომპანიებმა სამუშაოები სრული მოცულობით არ შეასრულეს, თუმცა მიუხედავად ამისა ჩაიბარეს და ბიუჯეტს მიაყენეს 818,8 მილიონი რუბლის ზარალი.
ბრიანსკის ოლქის ვიცე-გუბერნატორს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
2025 წლის აპრილში რუსეთში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს ბრიანსკის ოლქის მეზობელი რეგიონის, კურსკის ოლქის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი და გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსეი სმირნოვი.
გამოძიების თანახმად, თაღლითობის საქმე ეხება ბიუჯეტიდან მილიარდი რუბლის მითვისებას უკრაინასთან საზღვარზე საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობისას. სმირნოვი ბრალს არ აღიარებს. მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ეხება პერიოდს, 2022-2023 წლებს, როცა კურსკის ოლქის გუბერნატორი იყო რომან სტაროვოიტი.
2024 წლის მაისში სტაროვოიტი რუსეთის ტრანსპორტის მინისტრად დანიშნეს, სმირნოვი კი გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.
2025 წლის 7 ივლისს, დილით ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სტაროვოიტი მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. რამდენიმე საათში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ოდინცოვოს რაიონში, რომან სტაროვოიტის პირად ავტომანქანაში ნახეს მისი ცხედარი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით და, რომ გამოძიების ძირითადი ვერსია თვითმკვლელობაა.
ფორუმი