რუსეთში ზედიზედ მეორედ გადაიდო რაკეტა „ანგარა-A5“-ის პირველი გაშვება კოსმოსში

ზედიზედ მეორედ გადაიდო ს კოსმოდრომ ვოსტოჩნიდან დიდი ზომის რაკეტა „ანგარა-A5“-ის პირველი გაშვება კოსმოსში.
„გაიცა ბრძანება გაშვების გაუქმების შესახებ. სამუშაოების ხელმძღვანელები 24-საათიანი პაუზისთვის მოემზადონ,“ ნათქვამია „როსკოსმოსის“ ტრანსლაციაში.
მოგვიანებით „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა იური ბორისოვმა თქვა, რომ რაკეტა „ანგარა-A5“-ის სტარტის გადადება მოხდა გაუმართაობის გამო ძრავის კონტროლის სისტემაში.
რაკეტის გაშვება ერთხელ უკვე სცადეს გუშინ. მაგრამ სტარტამდე რამდენიმე წუთით ადრე გაშვება ერთი დღე-ღამით გადაიდო. გუშინდელი სტარტის გაუქმების მიზეზად დაასახელეს „გაუმართაობა ცენტრალური ბლოკის მჟანგავის ავზში“.
თავდაპირველად სტარტი დაგეგმილი იყო 2023 წლის დეკემბრისთვის, მაგრამ ის შემდეგ 2024 წლის პირველ კვარტალში გადაიტანეს.
რაკეტამ ორბიტაზე უნდა გაიყვანოს ბლოკი „ორიონი“ გამოსაცდელი სასარგებლო დატვირთვით.
„ანგარას“ ოჯახის რაკეტების შექმნითა და წარმოებით დაკავებულია ხრუნიჩევის სახელობის სახელმწიფო კოსმოსური სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი. მათი მთავარი დამკვეთი თავდაცვის სამინისტროა. ოჯახი მოიცავს სხვადასხვა ტვირთამწეობის მზიდ რაკეტებს. ვარაუდობენ, რომ მომავალში ისინი შეცვლის „პროტონ-M“ მზიდ რაკეტებს. ადრე „ანგარას“ გამოცდა ტარდებოდა პლესეცკის კოსმოდრომზე არხანგელსკის ოლქში.
ამურის ოლქში კოსმოდრომ ვოსტოჩნის მშენებლობა 2012 წელს დაიწყეს. 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მისი მშენებლობისას დატაცებულ იქნა 11 მილიარდი რუბლი. 2019 წლის ბოლოს პროკურატურამ გამოაცხადა, რომ კოსმოდრომზე სამუშაოების დაწყების შემდეგ აღძრულია 163 სისხლის სამართლის საქმე, დანაშაულთაგან მიყენებულმა ზარალმა 21 მილიარდ რუბლს მიაღწია. გამოვლენილ დარღვევათა შორისაა მშენებლობის გაჭიანურება და საბიუჯეტო სახსრების მრავალმილიარდიანი დატაცება. გასამართლებულია 60-მდე ადამიანი.