რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბუქარესტის მერმა, ცენტრისტმა კანდიდატმა ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა.
დანმა ხმების 53,6% მიიღო, მემარჯვენე ნაციონალისტმა კანდიდატმა ჯორჯ სიმიონმა კი — 46,4%.
მაშინ, როცა 4 მაისს გამართული არჩევნების პირველ ტურში სიმიონმა დაახლოებით ორჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ნიკუშორ დანმა, მეორე ტურში ბუქარესტის მერმა კონკურენტს თითქმის მილიონი ხმით აჯობა.
„ეს თქვენი გამარჯვებაა“, — განუცხადა დანმა თავის მხარდამჭერებს, რომლების სკანდირებდნენ: „რუსეთო, არ დაგავიწყდეს, რუმინეთი შენი არ არის“.
55 წლის მათემატიკოსი ნიკუშორ დანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქცენტს აკეთებდა კორუფციის დამარცხებაზე, უკრაინის მხარდაჭერასა და ევროკავშირის ერთობაზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანს „ისტორიული გამარჯვება“ მიულოცა: „უკრაინისთვის — როგორც მეზობლისა და მეგობრისთვის — მნიშვნელოვანია, რომ რუმინეთი საიმედო პარტნიორი იყოს“, — დაწერა მან.
ნიკუშორ დანისგან განსხვავებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირებას აანონსებდა ჯორჯ სიმიონი — ნაციონალისტი კანდიდატი, რომელსაც ტრამპის პოლიტიკას იზიარებს. სიმიონი ხშირად აკრიტიკებდა ბრიუსელს და ამბობდა, რომ დაარღვევს ევროკავშირის კანონებს, რომლებსაც არ ეთანხმება, თუმცა აცხადებდა, რომ რუმინეთი ბლოკის შემადგენლობაში უნდა დარჩეს.
„რუმინელთა კავშირის ალიანსის“ ლიდერს, ჯორჯ სიმიონს მხარს უჭერდა კალინ გეორგესკუ — ულტრამემარჯვენე, ევროკავშირის მოწინააღმდეგე და მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი დამოუკიდებელი კანდიდატმა, რომელმაც გაიმარჯვა გასული წლის ნოემბერში გამართულ არჩევნებში, რომლის შედეგიც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა.
ჯორჯ სიმიონმა თავდაპირველად თავი რუმინეთის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით დამარცხება აღიარა.
სიმიონმა პირველ ტურში წარმატებას მიაღწია მეტწილად დიასპორის ხარჯზე დასავლეთ ევროპაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.
თუმცა მეორე ტურში სიმონის წინააღმდეგ ამომრჩევლები მობილიზდნენ როგორც რუმინეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მოლდოვაში რუმინელთა 87%-მა მხარი დაუჭირა ბუქარესტის მერს.
„საბოლოო ჯამში, ეს იყო მტკიცე „არა“ რუმინეთისადმი იზოლაციონისტური ხედვის მქონე მტკიცე ნაციონალისტის, ცნობილი პროვოკატორისა და ადამიანის წინააღმდეგ, რომლის ერთგულება ევროკავშირის წევრობისა და ბლოკის ძირითადი ღირებულებების მიმართ ნათელი არ იყო. პირველ ტურში მისი ძლიერი შედეგების მიუხედავად, ის რუმინელები, რომლებიც მის შეხედულებებზე ღელავდნენ, როგორც ჩანს, გაერთიანდნენ, რათა მისი ხელისუფლებაში მოსვლა შეეჩერებინათ. მაგრამ სიმიონმა ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიპოვა და მისი გზავნილი ბევრში კვლავაც აქტუალური იქნება“, — წერს BBC.
